მამუკელაშვილის საჯარიმოები „პორტლენდთან“ - „ბაქსმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის საჯარიმოები „პორტლენდთან“ - „ბაქსმა“ ზედიზედ მერვე შეხვედრა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ წაუგებელ სერიას აგრძელებს – ამჯერად ვისკონსინელები „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ ესტუმრნენ და 127-108 დაამარცხეს.

ქართველმა კალათბურთელმა 3:41 წუთი ითამაშა – მაიკ ბუდენჰოლცერმა სანდრო თამაშში მაშინ ჩართო, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ბოლომდე ათამაშა. მან ამ დროში 2 ქულის დაგროვება საჯარიმოებიდან მოასწრო, თამაშიდან კი ბურთი არ უსროლია. მის ანგარიშზე ასევე 1 მოხსნა და 2 დაკარგვაა.

რაც შეეხება შეხვედრას, „ბაქსმა“ კომფორტული უპირატესობა პირველივე ნახევარში მიიღო, მესამე მეოთხედში კი სხვაობა 24 ქულამდე გაზარდა. ქულების მხრივ საუკეთესო ბრუკ ლოპესი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. იანის ანტეტოკუნმპოს მორიგ სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – მას 24 ქულა, 13 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა. „პორტლენდიდან“ 28 ქულით საუკეთესო დემიან ლილარდი იყო.

„მილუოკი ბაქსმა“ რეგულარულ სეზონში ზედიზედ მე-8 შეხვედრა მოიგო, ბოლო 10 მატჩში კი მხოლოდ ერთი წაგება აქვს. შემდეგ შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 10 თებერვალს, „ლეიკერსის“ წინააღმდეგ გამართავს.