მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში - „ჰერდმა“ მატჩი ბოლო მეოთხედში შემოატრიალა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი G ლიგაში - „ჰერდმა“ მატჩი ბოლო მეოთხედში შემოატრიალა [ვიდეო] #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდმა, „ვისკონსინ ჰერდმა“ კიდევ ერთი თამაშის წინ სანდრო მამუკელაშვილი და ჯორდან ნვორა დაიმატა. ვისკონსინელები G ლიგის მატჩში ამჯერად „კოლეჯ პარკ სქაიჰოუქსს“ დაუპირისპირდნენ და 117-107 მოიგეს.

მამუკელაშვილმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 30 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 11 ქულითა და 10 მოხსნით (2 შეტევაში) ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის ანგარიშზე ასევე 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. სანდრომ 8-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3-ჯერ დაკარგა ბურთი და 2-ჯერ დაჯარიმდა. მისი პარკეტზე ყოფნის პერიოდში „ჰერდმა“ მეტოქეს 10 ქულით მოუგო.

ვისკონსინელებმა მატჩი ფაქტიურად ბოლო მეოთხედში მოიგეს. პირველი პერიოდი „სქაიჰოქსის“ 7-ქულიანი უპირატესობით დასრულდა. სანდროს გუნდმა სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მეტოქე წინ 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მეოთხე პერიოდში „ვისკონსინ ჰერდმა“ მეტოქეს დიდი სხვაობით, 34-15 მოუგო და საბოლოო ჯამში, რეგულარულ სეზონში მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

ვისკონსინ ჰერდი“ შემდეგ შეხვედრას 27 იანვარს „კლივლენდ ჩარჯის“ წინააღმდეგ გამართავს.