მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი 26 ქულით და MVP - ბეჟანიშვილის გუნდი ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი 26 ქულით და MVP - ბეჟანიშვილის გუნდი ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა მორიგი შეხვედრები გამართეს. „ვისკონსინ ჰერდი“ „ფორტ ვეინ მედ ენტსთან“ ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა 114:128.

მიუხედავად წაგებისა, ქართველ კალათბურთელს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. მამუკელაშვილმა 32 წუთში ორმაგი დუბლი 26 ქულითა და 11 მოხსნით გაიფორმა. მის ანგარიშზე ასევე 6 პასი და 2 ჩაჭრაა. სანდრომ 15-დან 11 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი კი 5-ჯერ ისროლა და უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ ის იყო ერთადერთი კალათბურთელი, რომლის +/- მაჩვენებელი დადებითი იყო – მას +6 ჰქონდა.

თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ, „მედ ენტსი“ მეტოქეს 7 ქულით გაექცა, რაც ამ დაპირისპირებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. მესამე მეოთხედი პირველის მსგავსად ფრე მორჩა, მაგრამ 14 ქულამდე უპირატესობა „ინდიანა პეისერსის“ განვითარების ლიგის გუნდმა ბოლო პერიოდში გაზარდა და საბოლოოდ, მოიგო.

ამ მარცხის შემდეგ, ვისკონსინელები 6 მოგებითა და 10 წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მე-6 ადგილზე იმყოფებიან.

თავისი შეხვედრა გამართა გიორგი ბეჟანიშვილმაც, რომლის „კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმაც“ მორიგი გამარჯვება იზეიმა – ამჯერად ჯორჯიელებმა „რეპტორს 905“ 134-116 დაამარცხეს.

ბეჟანიშვილმა 23 წუთში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 4-დან 2 ორქულიანი გამოიყენა. გიორგის პარკეტზე ყოფნის პერიოდში  მისი გუნდი 25 ქულით წინ გავიდა.

ეს მოგება „სკაიჰოუკსისთვის“ მე-12 იყო და გუნდი აღმოსავლეთ დივიზიონს დამაჯერებლად ლიდერობს.