მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში - ჩემპიონმა რეგულარული სეზონი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში - ჩემპიონმა რეგულარული სეზონი მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულმა სეზონმა დღეს, 20 ოქტომბერს ოფიციალურად აიღო სტარტი და ქართველი გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში სადებიუტო შეხვედრა გამართა და გახდა მე-6 ქართველი ისტორიაში, რომელსაც კალათბურთის საუკეთესო ლიგაში უთამაშია.

მამუკელაშვილი თამაშში პირველად მეორე მეოთხედის დასაწყისში ჩაერთო, შემდეგ კი მაიკ ბუდენჰოლცერმა ის მატჩის მიწურულს შეიყვანა. სანდრომ ჯამში 7:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 მოხსნისა (დაცვაში) და 1 პასის დაგროვება მოასწრო. აღსანიშნავია ისიც, რომ +/- მაჩვენებელი მას +9 ჰქონდა.

 

რაც შეეხება შეხვედრას, „ბაქსმა“ მოქმედი ჩემპიონის სტატუსი გაამართლა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ „ბრუკლინ ნეტსს“ დამაჯერებელი უპირატესობით – 127:104 მოუგო. „მილუოკიმ“ პირველივე მეოთხედი კარგად დაიწყო და 12 ქულით წინ გავიდა. „ნეტსმა“ დიდ შესვენებამდე სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვერაფერი მოახერხა და სეზონის პირველ მატჩში დამარცხდა.

 

მილუოკი VS ბრუკლინი

საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, სამმაგ დუბლამდე კი 3 პასი დააკლდა. „ბაქსის“ მხრიდან გამორჩეულები იყვნენ ასევე პეტ კონაუტონი და კრის მიდლტონი, რომლებსაც 20-20 ქულა ჰქონდათ. „ნეტსის“ მხრიდან ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ დურანტმა, რომლის ანგარიშზე 32 ქულა და 11 მოხსნაა. შესანიშნავი შედეგი ჰქონდა პატი მილსს, რომელმაც 7-დან შვიდივე სამქულიანი გამოიყენა და 21 ქულა მიითვალა.

შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ 22 ოქტომბერს „მაიამი ჰიტთან“ გამართავს. ხვალ, 21 სექტემბერს კი რეგულარულ სეზონზე გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ ჩაერთვება, რომელიც „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდება.