მამუკელაშვილის 9 ქულა აბუ-დაბიში - „მილუოკი“ „ატლანტასთან“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსიNBA-ის წინასასეზონო მატჩებს მართავს. ვისკონსინელები „ატლანტა ჰოუკსთან“ ერთად აბუ-დაბიში იმყოფებიან, სადაც გუნდებმა ზედიზედ მეორე შეხვედრა ჩაატარეს. წინა მატჩის მსგავსად, ამჯერადაც მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი 109-118 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და 17:47 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 9 ქულის, 4 მოხსნის (1 შეტევაში), 4 პასისა და 2 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. სანდრომ 1-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან კი 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ ააცილა, დანარჩენი 7 ქულა კი საჯარიმოებიდან მიითვალა – მამუკელაშვილმა 8 მცდელობიდან 7-ჯერ ჩააგდო.

საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან 31 ქულით ტრაე იანგი იყო, „მილუოკის“ მხრიდან კი 16 ქულით ლინდელ ვიგინტონი გამოირჩა.

შემდეგ მატჩს „ბაქსი“ 12 ოქტომბერს ჩიკაგოში „ბულსის“ წინააღმდეგ გამართავს, პრესეზონის ბოლო შეხვედრაში კი 13 ოქტომბერს „ბრუკლინ ნეტსს“ უმასპინძლებს.