მამუკელაშვილის 5 ქულა მცირე დროში - „ბაქსმა“ ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „პისტონსი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
07:19, 03.11.2021
სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში, ზედიზედ 3-ჯერ განცდილი მარცხის შემდეგ, „დეტროიტპისტონსს“ ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით – 117:89 დაამარცხა.
ქართველი კალათბურთელი პარკეტზე მატჩის დამთავრებამდე 5:35 წუთით ადრე გამოჩნდა და ბოლომდე ითამაშა. ამ დროში მან თამაშიდან 2-ჯერ ისროლა და ორივეჯერ ზუსტად – სანდრომ ორქულიანი და სამქულიანი თითო-თითოჯერ ჩააგდო. ის მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა და ბურთიც ერთხელ დაკარგა.
„ბაქსმა“ „პისტონსი“ რეგულარულ სეზონში ზედიზედ მეთერთმეტედ დაამარცხა. ვისკონსინელებმა მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და პირველივე ტაიმში 18-ქულიანი სხვაობა დააფიქსირეს. მესამე მეოთხედში კი უპირატესობა 28 ქულამდე გაზარდეს და საბოლოო ჯამში, ეს სხვაობა შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს. მატჩში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა. ბერძენ კალათბურთელს სამმაგ დუბლამდე 2 მოხსნა და 1 გადაცემა დააკლდა. 16 ქულა ჰქონდა პეტ კონაუტონს. „დეტროიტიდან“ ყველაზე შედეგიანი ჯერემი გრანტი იყო, რომლის ანგარიშზე არასრულ 24 წუთში 21 ქულაა.
დეტროიტი VS მილუოკი
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი G ლიგის სეზონის დაწყებამდე, „ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდ „ვისკონსინჰერდშიც“ ემზადება. ასეთი შემთხვევები კი არ უნდა გაგვიკვირდეს – მაიკ ბუდენჰოლცერი ქართველ ახალგაზრდა მძიმე ფორვარდს ძირითად გუნდში ხშირად ათამაშებს.
სანდროს გუნდი შემდეგ მატჩს 6 ნოემბერს „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ გამართავს.