მამუკელაშვილის 3 ქულა NBA-ში - „ბაქსს“ იანისმა ულიდერა [ვიდეო] #1TVSPORT 

NBA-ის G ლიგაში ჩატარებული კარგი შეხვედრების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დაბრუნდა და „მილუოკი ბაქსის“ შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. ვისკონსინელებმა ამჯერად „კლივლენდ კავალიერსს“ უმასპინძლეს და 117-102 დაამარცხეს.

სანდრო პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა და, საერთო ჯამში, 9:26 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 3 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. მამუკელაშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა, პერიმეტრიდან კი ერთხელ ისროლა და უშედეგოდ.

პირველი ტაიმის შემდეგ მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდი 11 ქულით აგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 25 ქულით მოუგო. 14-ქულიანი სხვაობის შემცირება „კლივლენდმა“ ბოლო პერიოდში ვერ მოახერხა და, საბოლოო ჯამში, 15 ქულით დამარცხდა. თავის გუნდს ამჯერადაც ულიდერა იანის ანტეტოკუნმპომ, რომლის ანგარიშზეც 38 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასია. „კავალიერსის“ მხრიდან კი ყველაზე შედეგიანი დონოვან მიტჩელი იყო 29 ქულით.

მილუოკის“ რეგულარულ სეზონში 13 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდა — გუნდი ამ შედეგით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, პირველ ადგილზე „ბოსტონ სელტიკსია“ 15 მოგებითა და 3 წაგებით, „კლივლენდ კავალიერსი“ კი მე-3 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას მამუკელაშვილის გუნდი 28 ნოემბერს „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.