მამუკელაშვილის 10 ქულა 23 წუთში - „მილუოკი“ იანისის გარეშე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 10 ქულა 23 წუთში - „მილუოკი“ იანისის გარეშე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ამჯერად „ტორონტო რეპტორსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულით, 111-117 დამარცხდა.

ვისკონსინელებს არაერთი კალათბურთელი აკლდათ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდის მთავარი ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნა იყო.

მამუკელაშვილმა ამ მატჩში 22:39 წუთი ითამაშა და 10 ქულის, 5 მოხსნის (2 შეტევაში), 1 ჩაჭრისა და 1 დაფარების დაგროვება მოასწრო. მან 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი კარგად ისროდა და 6-დან 5 შანსი გამოიყენა. სანდრომ მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და არ დაჯარიმებულა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ კალათბურთელს +/- მაჩვენებელი +7 ჰქონდა, რაც „ბაქსში“ მესამე საუკეთესო შედეგი იყო (+9 ჰქონდათ დემარკუს კაზენსსა და ჯავონტე სმარტს).

 

რაც შეეხება მატჩს, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა კარგად დაიწყო და პირველი ორი მეოთხედის მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 9-ქულიანი უპირატესობით გავიდა, მაგრამ „რეპტორსმა“ მესამე მეოთხედშივე მოახერხა შეხვედრის შემოტრიალება და წინ გასვლა. საბოლოო ჯამში კი კანადურმა გუნდმა 6 ქულის სხვაობით მოიგო.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე პასკალ სიაკამი იყო, რომელმაც 33 ქულა დააგროვა, 25 ქულაა კრის მიდლტონის ანგარიშზე, ერთადერთი ორმაგი დუბლი კი 15 ქულითა და 10 მოხსნით დემარკუს კაზენსმა გაიფორმა.

მილუოკი VS ტორონტო

შემდეგ შეხვედრას მოქმედი ჩემპიონი 8 იანვარს „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.