მამუკელაშვილი „ბაქსის“ საუკეთესო მეპასეებში - ამერიკულმა გამოცემამ სანდრო გამოარჩია [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილი „ბაქსის“ საუკეთესო მეპასეებში - ამერიკულმა გამოცემამ სანდრო გამოარჩია [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება და როგორც ყოველთვის, გულშემატკივარი საინტერესო და სანახაობრივ შეხვედრებს უნდა ელოდოს. კალათბურთის უმაღლესი ლიგა წინასასეზონო მატჩებით 3 ოქტომბერს დაგვიბრუნდება. 19 ოქტომბერს კი რეგულარული სეზონი აიღებს სტარტს.

ამ სეზონს ქართველი გულშემატკივრებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საქართველოს სამი კალათბურთელი ეყოლება. გოგა ბითაძე NBA-ში მესამე სეზონს ჩაატარებს, „ინდიანა პეისერსში“ ახალგაზრდა ცენტრს დიდი კონკურენცია ელოდება. ბეჟანიშვილმა ცოტა ხნის წინ „დენვერთან“ Exhibit 10 კონტრაქტი გააფორმა და დიდი ალბათობით, სეზონის უმეტეს ნაწილს „ნაგეტსის“ G ლიგის გუნდში, „გრანდ რაპიდს გოლდში“ გაატარებს და შესაძლოა NBA-ში თავის გამოჩენის შანსიც მიეცეს. სანდრო მამუკელაშვილმა კი, „მილუოკი ბაქსთან“ ორმხრივი კონტრაქტი გაფორმების შემდეგ, საზაფხულო ლიგა მაღალ დონეზე ჩაატარა და ბევრი გამოცემის აზრით, ძირითად გუნდში გარკვეული სათამაშო დრო მიეცემა.

ამერიკულმა გამოცემა behindthebuckpass-მა საინტერესო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ავტორი „ბაქსის“ როსტერის 6 საუკეთესო მეპასეს ასახელებს და მათ შორის სანდრო მამუკელაშვილიცაა.

​საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი მე-6 ადგილზეა, ამ გადაწყვეტილებას კი სტატიის ავტორი საინტერესოდ აღწერს და თვლის, რომ სანდრო უფრო მაღალ პოზიციასაც იმსახურებს.

„ვფიქრობ, პასის უნარით მამუკელაშვილი უფრო მაღლა ყოფნას იმსახურებს, მაგრამ მას ჯერ NBA-ში არ უთამაშია შესაბამისად, რთულია მისი ზოგიერთი მოთამაშის წინ დაყენება.

კოლეჯში მამუკელაშვილი, როგორც მეპასე, განვითარდა. მეოთხე წელს მისი როლი შეტევაში დიდი იყო და ბურთის ფლობის მაჩვენებელი კოლეჯის მესამე წელთან შედარებით, 4 პროცენტით გაიზარდა, წარმატებული პასების პროცენტული მაჩვენებელი კი 11-დან 20 პროცენტამდე.  „სეტონ ჰოლში“ სანდრო საშუალოდ შეხვედრაში 3 პასს აგროვებდა.

ზომის გათვალისწინებით, სანდროს უნიკალური თამაშის სტილი აქვს და პასის უნარსაც იქ დიდი ადგილი უჭირავს. გაოცებული ვიყავი, როდესაც მამუკელაშვილს საზაფხულო ლიგაზე ვადევნებდი თვალს, სადაც მან რამდენიმე მშვენიერი პასი გააკეთა. თუ მან NBA-ში „ბაქსის“ შემადგენლობაში თავისი ადგილი იპოვა, მაშინ მსგავს რეიტინგებში ის უფრო მაღალ ადგილებს დაიკავებს.“

სიის სათავეში კრის მიდლტონია, მეორე ადგილზე კი იანის ანტეტოკუნმპო იმყოფება. მესამე პოზიციაზე ავტორი ჯრუ ჰოლიდეის ასახელებს, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი შესაბამისად ჯორჯ ჰილი და დონტე დივინჩენცო არიან.

მამუკელაშვილმა NBA-ის საზაფხულო ლიგაზე ხუთივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ორში მან ორმაგი დუბლის გაფორმებაც მოახერხა.