მამუკა მდინარაძე - ვიდრე აგვისტოს ომზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული
მამუკა მდინარაძე - ვიდრე აგვისტოს ომზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული

ვიდრე აგვისტოს ომზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული, – ამის შესახებ საუბარია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებაში, რომლითაც ის „ევროპულ საქართველოს“ ეხმიანება.

„როგორც ჩანს, გუშინდელი ჩვენი განცხადებები და შესაბამისი მინიშნებები ე.წ. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა ვერ ან არ გაიგეს და დღესაც იგივე პათოსით აგრძელებენ განცხადებების კეთებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავთ:

1. საუბარია არშემდგარ სასამართლო პროცესზე – სარჩელი, რომელზეც ისინი საუბრობენ, ჰააგის საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს ამ დრომდე წარმოებაშიც კი არ მიუღია.

2. მიუხედავად ამისა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სალომე ზურაბიშვილის წიგნში არც ერთი სიტყვაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

3. რუსეთის მხარემ თავის დროზე წარადგინა უამრავი მტკიცებულება, მათ შორის მაშინდელი, ანუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოფიციალური პირების გამონათქვამებიც. თუმცა, ჩვენ კონკრეტიკისგან თავს ვიკავებთ და ამ დეტალებზე არ ვსაუბრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ რუსული მხარის მიერ წარდგენილ არც ერთ მტკიცებულებას და არგუმენტს საფუძველი არ გააჩნდა.

4. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი „ევროპული საქართველოს“ სახით, წინასაარჩევნო მიზნებისთვის, რუსულ ლოგიკას ეთანხმება ჰააგაში მტკიცებულებების წარდგენის საფუძველთან დაკავშირებით.

მივმართავთ მათ, სანამ აგვისტოს ომის თემაზე ბრიფინგებს ჩაატარებენ, პასუხისმგებლობა აიღონ და საზოგადოებას პასუხი გასცენ, რატომ არის საქართველოს 20% ოკუპირებული; რატომ არ გაითვალისწინეს მათ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევები; რატომ დაუჭირეს მხარი რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ თვეში ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლის მე-5 პუნქტში წერია:

„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.

ამ ყველაფრის ფონზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სხვადასხვა განშტოებებს აქვთ მცდელობა, შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება, რისთვისაც არ ერიდებიან ტყუილს, დაბრალებას და ანტიეროვნულ კამპანიასაც კი.

დარწმუნებული ვართ, საზოგადოება სწორად შეაფასებს მოვლენებს და 28 ოქტომბერს ის მიიღებს გადაწყვეტილებას პროდასავლური კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ“, – აღნიშნულია მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის მიერ 2009 წელს შეტანილ სარჩელში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებია შეტანილი.