მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მხარს ვუჭერთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის შესრულებას
მამუკა მდინარაძე - უმრავლესობა შეთანხმდა, რომ მხარს ვუჭერთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების უდიდესი ნაწილის შესრულებას

გუშინდელი ისტორიული გადაწყვეტილებით, რვა მარტს შეთანხმებული პირობებით ჩატარდება არჩევნები საქართველოში, რაც არის ქვეყნის გამარჯვება, დღევანდელი შეხვედრა კი, ეძღვნებოდა ამ პოზიტიური პროცესის გაგრძელებას; ვაპირებთ, ხვალ და ზეგ დაჩქარებული წესით მივიღოთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„რაც მთავარია, ვითვალისწინებთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობას და საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთად, ეუთო-ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება და მათი ასახვა შესაბამის ნორმებში ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო გაიზრდება დემოკრატიის ხარისხი, კიდევ უფრო ნაკლები კითხვის ნიშანი იქნება და ნაკლები სივრცე დარჩება სპეკულაციებისთვის, რაც არჩევნებს შეეხება. ჩვენი მთავარი მიზანია, ჩავატაროთ არჩევნები ისე, რომ რაც შეიძლება ნაკლები კითხვის ნიშანი იყოს, სპეკულაციისთვის სივრცე იყოს ძალიან დაბალი და არავის მიეცეს საშუალება, რომ დემოკრატიის მაღალი ხარისხი, რომლითაც ჩვენ არჩევნების ჩატარებას ვაპირებთ, თარგმნოს სხვაგვარად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა და ისინი შეთანხმდნენ, რომ მხარს უჭერენ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს.

„უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ისინი მხარს უჭერენ ეუთო-ოდირის რეკომენდაციების უდიდესი უმრავლესობის შესრულებას, იმ რეკომენდაციების და იმ ცვლილებების, რომელიც დღეს ირაკლი კობახიძემ კომიტეტზე გამოიტანა. ძალიან გასახარია, რომ უმრავლესობაში პრაქტიკულად არ ყოფილა განსხვავებული მოსაზრება ქალთა კვოტირების საკითხთან დაკავშირებით. რომ დავაზუსტო, საქართველოს პარლამენტში მოხვედრის მსურველი პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე, სულ მცირე, განსხვავებული სქესის ადამიანი ყავდეს შეყვანილი ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ეს იქნება პროპორციულ სიაში ყოველი მეორე. მე ვფიქრობ, რომ ესეც არის წინგადადგმული ნაბიჯი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განსხვავებულ სქესზე, ამ შემთხვევაში, იცით, რომ პრაქტიკაში საუბარია ქალებზე, მაგრამ, თუ ვინმეს მოუნდება მაგალითად, ქალთა პარტიის ჩამოყალიბება, ის პარტია ვალდებული იქნება, ყოველი მეოთხე საპარლამენტო სიაში მოახვედროს მამაკაცი“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე არ ესწრებოდა.