მამუკა მდინარაძე - სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკის გზას არასდროს უნდა გადავუხვიოთ, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ
მამუკა მდინარაძე - სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკის გზას არასდროს უნდა გადავუხვიოთ, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ

იმ გზას, რასაც სამშვიდობო, პრაგმატული პოლიტიკა ჰქვია, არასდროს უნდა გადავუხვიოთ, თუ გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.

„მთავარი საფრთხე და მთავარი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიები. ოკუპანტის მიერ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმშია გადასული მოქმედებები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენ ვადევნებთ თვალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი განმარტებით არსებული სიტუაციის პრევენცია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობითა არის შესაძლებელი.

„იმ ფონზე, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მონიტორების გატაცებასაც კი არ ერიდებიან, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობით, ყოველწუთიერი კონტაქტით, რაც ისედაც გაგვაჩნია, სამშვიდობო პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ამ გზას არ უნდა ავცდეთ, ამ თემაზე რაც უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა. სამწუხაროა, რომ ამ თემაზეც კი ახერხებენ რაღაც თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.