მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიულ დისციპლინაზე ვისაუბრეთ
მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიულ დისციპლინაზე ვისაუბრეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს, საღამოს გამართულ შეხვედრაზე პარტიული დისციპლინის შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

„დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პარტიული დისციპლინა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროდ, უხეშად, თანაც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არღვევს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი.

ამასთან დაკავშირებით დამატებითი შეხვედრები გვექნება უმრავლესობის შიგნით, პარტიულ თუ უმრავლესობის ფრაქციის ფორმატებში და რამდენიმე დღეში, მე ვფიქრობ, ამ საკითხზე მსჯელობაც აღარ იქნება, რადგან ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა, რა სანქციები ელით დისციპლინის დამრღვევებს.

„მე დღეს შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე, მათ ექნებათ სასაუბრო, ექნებათ გასარკვევი, რატომ აკეთებენ ამ განცხადებებს. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში ყველაფერი იქნება გარკვეული და ეს გარკვევა იქნება პარტიის თუ უმრავლესობის ფორმატში. შედეგი იქნება, რომ ეს ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე.

თქვენ იცით, რომ პირველი შემთხვევაა, რომ ასე საჯაროდ რამდენიმე სამი თუ ოთხი დეპუტატი ისეთ აზრს გამოთქვამს, რომ არ არის მთლად კორექტული, შეურაცხმყოფელიც არის, არასწორი მიმართულებითაც, რომ საზოგადოება შეცდომაში შეყავს ამ განცხადებებს, აქი​დან გამომდინარე, რადგან პირველი შემთხვევაა, მაინცდამაინც სანქციებზე არ გვისაუბრია.

ჩვენ ვისაუბრებთ ამ ადამიანებთან უმრავლესობისა და პარტიის ფორმატში​ და ამის შემდეგ ვიფიქრებთ სხვა ღონისძიებებზე. არ მინდა, დღეს დავადასტურო რაიმე სანქციების შესახებ, ამაზე ჩვენ ჯერჯერობით საუბარი არ გვქონია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.