მამუკა მდინარაძე - ოპოზიცია ცდილობს, ეჭვი შეიტანოს ჩვენს პროდასავლურ კურსში, რაზეც მკაფიო პასუხი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დასავლურ კურსს გადაუხვია
ოპოზიცია ცდილობს, ეჭვი შეიტანოს ჩვენს პროდასავლურ კურსში, რაზეც მკაფიო პასუხი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დასავლურ კურსს გადაუხვია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ქართული ოპოზიციის მიერ დასმულ მთავარ საკითხებზე, სპეკულაციებზე, ინტერპრეტაციებზე და მათ შორის ტყუილებზე, კონკრეტული და ძალიან მკაფიო პასუხები გასცეს როგორც სენატის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.
„ოპოზიცია წლებია, უმტკიცებს ქართულ საზოგადოებას და ცდილობს, ეჭვი შეიტანოს „ქართული ოცნების“ პროდასავლურ კურსში, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული და მკაფიო პასუხი ჰქონდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს, რომელმაც თქვა, რომ 2012 წლიდან, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობიდან მოყოლებული, არც ერთი დღე არ ყოფილა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ დასავლურ კურსს გადაუხვია.
ოპოზიციაში კითხვები გააჩინეს მელიას პატიმრობის კანონიერებასთან დაკავშირებით და ჩვენი ოპონენტები მას პოლიტპატიმარს უწოდებენ, მაგრამ აი, ამაზეც კონკრეტული და მკაფიო პასუხები იყო. მათ თქვეს, რომ მელიამ დაარღვია კანონი, დაარღვია პირობით გათავისუფლების პირობა, ეს არის კანონდარღვევა და კანონის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი. ეს იყო ძალიან კონკრეტული გზავნილები“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვას, რამდენად აქვს შანსი გიორგი გახარიას, შექმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი და იქნება თუ არა ის „ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე დიდი კონკურენტი. მამუკა მდინარაძემ ამ მთემაზე განაცხადა, რომ წინასწარი პროგნოზის გაკეთება გაუჭირდება, რადგან გიორგი გახარიას განცხადება არ გაუკეთებია, რა პლატფორმით მოდის, რა ახალი შეხედულებებით, რა გეგმებით და საერთოდ რას აპირებს.
„გიორგის არ დაუფიქსირებია, პოლიტიკურ პარტიას ქმნის, რაღაც სხვა აქტივობებს აპირებს თუ რას. ჯერ არაფერი არ უთქვამს და აქედან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება ნამდვილად გამიჭირდება. როდესაც ის თავის გეგმებზე ისაუბრებს, რაც ნაწილობრივ დააანონსა, ამის შემდეგ შეგვიძლია, შეფასებები გავაკეთოთ, მაგრამ ჯერ არაფერი არ ვიცით, ეს ადამიანი რას აპირებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.