მამუკა მდინარაძე - მუქარის წერილის შესახებ ახალი თემის შემოტანა არის მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა
მამუკა მდინარაძე - მუქარის წერილის შესახებ ახალი თემის შემოტანა არის მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ   საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ახალი თემის შემოტანით, რომელიც მუქარის წერილს ეხება, მოხდა მთავარი თემის გადაფარვის მცდელობა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩნდება ბევრი კითხვის ნიშანი, რადგან  მამუკა ხაზარაძეს დღეს აღნიშნული წერილის არც შინაარსი და არც თავად წერილი არ წარმოუდგენია.

„რამდენიმე კითხვაზე დღეს პასუხი ვერ მივიღეთ და იმედია, მომდევნო პერიოდში გვექნება საშუალება, მივიღოთ ინფორმაცია. მათ შორის გამოძიების შედეგების მიხედვით. როდესაც ამ განცხადების ავტორი ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი წერილი კონკრეტული პირისგან, მან უნდა დაასახელოს დრო, ადგილი, საშუალება და შინაარსი. თუ ამაზე თავს იკავებს, მეტი კითხვის ნიშნები ჩნდება. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძეს დღეს უნდა დაესახელებინა ამ წერილის შინაარსი, ან უნდა წარმოედგინა თავად ეს წერილი. აღმოჩნდა, რომ პროკურატურაში ზოგადად ისაუბრა, თუმცა კონკრეტული მითითებები, ისეთიც კი, როგორიც დღეს გააკეთა, პროკურატურაში არ გაუკეთებია. რატომ არ წარადგინა მან პროკურატურაში ეს წერილი დღემდე – ეს კითხვაც დარჩა პასუხგაუცემელი. როდესაც ჩვენი კითხვაც და თხოვნაც მდგომარეობდა იმაში, რომ წარმოედგინა წერილი და უფრო დეტალურად განემარტა, ამაზე ბატონმა მამუკამ სამწუხაროდ უარი განაცხადა. ამიტომ ამის იქით ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, ეხებოდა თუ არა წერილი სავარაუდოდ, ამომრჩევლების მოსყიდვას, მამუკა მდინარაძემ პასუხად განაცხადა, რომ წერილის შინაარსის გაცნობის შემთხვევაში, ყველაფერზე დეტალურად საუბრის საშუალება იქნებოდა.

„რატომ გვიწევს ჩვენ სიტყვის „სავარაუდოდ“ ხსენება მაშინ, როდესაც დღეს თავისუფლად იყო საშუალება, მთლიანად, დეტალურად გვემსჯელა ამ საკითხზე, იყო თუ არა ასეთი წერილი, ამ წერილი შინაარსიც მიგვეღო და ა.შ. რისგანაც თავი შეიკავა ბატონმა მამუკამ”,-განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ნაკლებად დამაჯერებელია „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის განცხადება, რომ მეგობრისგან ისესხეს თანხა და არ იცოდნენ, რომ ეს თანხა „თიბისი ბანკიდან“ იყო გაცემული.

„განაცხადეს, რომ  17 მილიონი დოლარი ისესხეს თავიანთი მეგობრისგან, თუმცა არ იცოდნენ, რომ ეს იყო გაცემული მათი ბანკიდან.  რამდენად დამაჯერებელია, ამაზე ჩვენ ვეღარ ვიმსჯელებთ.  ვისი მხრიდან იკვეთება პოლიტიკური ნიშნები, ამას დრო გაარკვევს და დაალაგებს. ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური წრეები სარგებლობენ ამ ქეისით. რეალურად, როდესაც „თიბისი ბანკი“ და ეროვნული ბანკი თანხმდებიან და საერთო პოზიციას ახმოვანებენ, მაგრამ მაინც ხდება ამ თემის ტირაჟირება, ეს უკვე პოლიტიკურ დღის წესრიგს ჰგავს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დატოვე კომენტარი