მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები
მამუკა მდინარაძე - მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები

მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„როგორც ყველა ვხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ყველა ეთიკურ სტანდარტს არღვევს საკუთარი საარჩევნო შედეგის გასაუმჯობესებლად. გარდა ეთიკისა, ისინი არც კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ერიდებიან.

არჩევნების პირველი ტური „რუსთავი 2“-ის მიერ განხორციელებული რუსული ტოტალური პროპაგანდის სტილში, ფონზე წარიმართა. შეგახსენებთ, რომ მან პროპაგანდა არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც უკვე არჩევნების დღე დადგა, საუბარია არჩევნების ღამეზე, 12:00 საათის შემდეგ, რაც საარჩევნო კოდექსის ნორმების უხეში დარღვევაა.

როგორც ვხედავთ, სურათი არ შეცვლილა არც პირველი ტურის შემდეგ. გრძელდება რუსული სტილის ტოტალური პროპაგანდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების მეორე ტური ჯერ დანიშნული არ არის, „რუსთავი 2“-მა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევით, უკვე რამდენიმე დღეა, განათავსა „ნაცმოძრაობის“ ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები თავის ეთერში.

მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიას, „რუსთავი 2“-ს, ფორმალურად მაინც მოირგოს ტელევიზიის როლი და დაიცვას კანონის მოთხოვნები.

ჩვენ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და მოვუწოდებთ მათ რეაგირებისკენ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.