მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტში ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება გაიგებს
მამუკა მდინარაძე - მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით პარლამენტში ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება გაიგებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არ შეიძლება, პარლამენტის წევრმა წინასწარ ილაპარაკოს პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით, რომელიმე კანდიდატს დაუჭერს თუ არა მხარს.

„ეს არის უპასუხისმგებლობა და ასეთ პასუხს ნუ მომთხოვთ. რაც შეეხება თვითონ სიას, მე ვიცნობ რამდენიმე მათგანს, დიდ ნაწილს არ ვიცნობ.

ჩვენ ამასთან დაკავშირებით, არანაკლებ ბევრი ეტაპი გვაქვს გასავლელი საქართველოს პარლამენტში, ვიდრე გაიარეს იუსტიციის საბჭომ, დაწყებული კომიტეტებიდან, სამუშაო ჯგუფიდან და შემდეგ პლენარულ სხდომაზე და ეს უზრუნველყო ჩვენ მიერ მიღებულმა კანონმა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება გაიგებს.

მაგრამ, რა სიაც არ უნდა წარმოდგენილიყო, როგორი კანდიდატებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინმეს აქვს ილუზია, რომ ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოს გაშავებით არიან დაკავებული წლების განმავლობაში, მათ გააჩერებდა რამე და არ იტყოდნენ, რომ ისინი არიან კლანის წარმომადგენლები? ნებისმიერ შემთხვევაში, როგორი იდეალური სიაც არ უნდა წარმოდგენილიყო, ამ ადამიანებს ჰქონდათ ერთი მიზანი, რომ ეძახონ კლანი და რამენაირად მოახდინონ სასამართლოს დისკრედიტაცია.

არადა, მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში ნახევარზე გაცილებით მეტი უკვე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი სასამართლო და ეს შედეგებზეც აისახება.

მაგალითად, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ორი წელი გვატყუებდნენ, რომ სხვანაირად იყო საქმე, არადა, სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა ამ სიცრუეს და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.