მამუკა მდინარაძე - ხაზარაძეს შევახსენებ, როცა კოხტაგორა ხელში ჩაიგდო, პროექტს წლები არ მიეკარა, ვიდრე სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა
მამუკა მდინარაძე - ხაზარაძეს შევახსენებ, როცა კოხტაგორა ხელში ჩაიგდო, პროექტს წლები არ მიეკარა, ვიდრე სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა

ხაზარაძეს შევახსენებ, როცა კოხტაგორა ხელში ჩაიგდო, პროექტს წლების განმავლობაში არ მიეკარა, ვიდრე სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ „წყალტუბოს განვითარების გეგმა არის ქვეყნის მითვისების პროცესის გაგრძელება“.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია, წყალტუბოს განვითარების პროექტი არ მოეწონოს ადამიანს, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს.

„ძალიან საინტერესოა, მამუკა ხაზარაძემ ეს განცხადება როგორც ბიზნესმენმა გააკეთა თუ როგორც პოლიტიკოსმა. თუ განცხადება ბიზნესმენმა გააკეთა, ბაკურიანის პროექტს შევახსენებ, როცა კოხტაგორა ხელში ჩაიგდო და პროექტს წლების განმავლობაში მანამდე არ მიეკარა, სანამ სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პრობლემები არ მოუგვარა.

თუ განცხადება გააკეთა, როგორც პოლიტიკოსმა, მისგან არათანმიმდევრული განცხადებები აღარ გვიკვირს. ვურჩევ, რომ არ არის აუცილებელი, კარგსა და ცუდზე ცუდის ლაპარაკი, რადგან ისეთი რაღაცებიც არსებობს, რაც შეიძლება, ოპოზიციამაც მოიწონოს. არ შეიძლება, ასეთი პროექტები არ მოეწონოს ადამიანს, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს, ფიქრობს. როცა იცი, რომ ინიციატივის შედეგად წყალტუბოში იქნება განვითარების, ასევე ტურიზმის ცენტრი, მაინცდამაინც ცუდის ლაპარაკი აუცილებელი არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად.