მამუკა მდინარაძე - ისტორიას დარჩება მხოლოდ ერთი რამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას
მამუკა მდინარაძე - ისტორიას დარჩება მხოლოდ ერთი რამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას

ისტორიას დარჩება მხოლოდ ერთი რამ, რომ ოპოზიციის ნაწილმა სამწუხაროდ, ბოიკოტი გამოუცხადა ევროპას და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„მეტი არაფერი არ დარჩება. ისინი ამ ყველაფერს როგორ შეფუთავენ, ეს ისტორიას არ დარჩება. ვინ რას იტყვის, გიორგი ვაშაძე როგორ უღირსად დაელაპარაკება თამთა სანიკიძეს პირდაპირ ეთერში, შემდეგ, ვინ რას უპასუხებს, მეორე დღეს ჟურნალისტები როგორ დაუჭერენ მხარს თქვენს კოლეგას, შემდეგ ისინი იტყვიან, იცით რა, სიმულაციაში არ ჩავერთვები და ა.შ, ამას იტყვიან, თუ იმას, ეს არაფერი არ დარჩება ისტორიას. ისტორიას დარჩება ევროპის საბოტაჟი, ევროკომისიის რეკომენდაციების საბოტაჟი და ამ ფაქტს ვერსად წაუვლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აწყობს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და „ქართულ ოცნებას“ ეს სუბიექტურადაც ძალიან აწყობს, რადგან ეს მმართველი გუნდის პოზიციებს უფრო გაამყარებს და შექმნილ ვითარებაში ისედაც გაზრდილ რეიტინგს კიდევ უფრო გააძლიერებს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ სუბიექტურად არ აწყობს კანდიდატის სტატუსი.

„ამ ქვეყანაში არავის სჯერა იმის, რომ ისინი როდესმე საკუთარ თავზე მაღლა დადგებიან და შეეცდებიან, სუბიექტივიზმი გვერდით გადადონ. მათ სუბიექტურად იმიტომ არ აწყობთ კანდიდატის სტატუსი, რომ ისედაც დასუსტებული და პრაქტიკულად, განადგურებული პოლიტიკური ძალა უფრო განადგურდება. ამიტომ იბრძვიან ყველა ხერხით. მე ამას მხოლოდ ინფორმაციებზე დაყრდნობით კი არ გეუბნებით, რომელიც უამრავი იყო, ლოგიკაც ამას გვეუბნება. მილიონ-ნახევარი დოლარი გამოყვეს იმისთვის, რომ იქნებ, „ქართული ოცნების“ პირობებში არ მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ლობისტებთან დასახარჯ ფულზეა ლაპარაკი“, – განაცხადა მდინარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება საპარლამენტო კონტროლი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესზე და რამდენად იქნება უზრუნველყოფილი ამ კონტროლის მექანიზმში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების კუთხით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ძალიან ბევრი გაკეთდა და ამ შემთხვევაშიც ასე იქნება, თუმცა პროცესში „ნაციონალური მოძრაობა“ არ ჩაერთვება.

„მე არ აქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთვება. პირიქით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ თავიანთი სატელიტი ენჯეო სექტორის მეშვეობით და მათთან ერთად, რომ აკერმანის გეგმის მიხედვით ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მათ არ მიიღონ მონაწილეობა ჩვენ მიერ შეთავაზებული გეგმის შესრულებაში და ეს რამენაირად შეფუთონ რაღაც არგუმენტებით, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩება. ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას ამ გეგმის შესრულებაში და პირიქით, წინააღმდეგ წავლენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ის, რომ ოპოზიციის ნაწილი, ვინც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე არ მივიდა, ითხოვს, საკანონმდებლო ორგანოში ჩაინიშნოს რიგგარეშე სხდომა, ახლა პოლიტიკური გამოსავალია იმისთვის, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის დიდ ნაწილთან გარკვეულ თანამშრომლობაზე შეთანხმდეს, თუ ამ ეტაპზე არარელევანტურია მოთხოვნა მათი მხრიდან, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ მოთხოვნას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და ეს საბოტაჟის ხერხია.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ როცა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ომზე პირდაპირ მოწოდებებს შეეწინააღმდეგა და მკაცრად გააკრიტიკა, ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმად მონათლეს.

„თურმე, როგორ თუ შევეწინააღმდეგეთ ომის მოწოდებებს, დანილოვმა რაც თქვა, არესტოვიჩმა და ა.შ. ამაზე ატეხეს ამბავი, თავს ესხმიანო. წარმოიდგინეთ მანიპულაცია-სპეკულაციის ხარისხი და დონე. ამ დროს, თვითონ რა ქნეს, გაემიჯნენ? არა, ბომბების სროლა გვირჩევნია ამ სირცხვილსო. ალბათ, გახსოვთ, ჩვენ როგორ ვიკავებდით თავს ბოლო მომენტამდე, მაგრამ როცა იძულებული ვხდებოდით, გვეპასუხა, ამას ვაკეთებდით. ევროპარლამენტარების კრიტიკის არ იყოს, როგორ შეიძლებაო, თითქოს ჩვენი ევროპელი კოლეგები წმინდანები იყვნენ. თურმე, როგორ ვიკადრეთ და თავისი სახელი დავარქვით იმ რამდენიმე ადამიანის ქმედებას, რომლებიც პირდაპირ ლობირებდნენ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.