მამუკა მდინარაძე - გუშინ რამდენიმეწუთიანი სპეკულაცია მოვისმინეთ და პასუხებიც ვნახეთ ამ სპეკულაციაზე, მაგრამ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს
მამუკა მდინარაძე - გუშინ რამდენიმეწუთიანი სპეკულაცია მოვისმინეთ და პასუხებიც ვნახეთ ამ სპეკულაციაზე, მაგრამ შეკითხვებს პასუხები უნდა გაეცეს

რა ტიპის ტყვიები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ვისი ბრძანებით, რა საფუძვლით მოხდა მათი გამოყენება და ზოგადად, ვინ მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე, – ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების სხდომაზე, სადაც გიორგი გახარაიას და მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენა მიმდინარეობს.

მამუკა მდინარაძის შეკითხვები 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, არის შეკითხვები, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს.

მამუკა მდინარაძე დაინტერესდა მოხდა თუ არა გაფრთხილება და გაფრთხილებულები იყვნენ თუ არა ასეთ შემთხვევაში მომიტინგეები სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე იქ სადაც ამის საშუალება იყო, ვისი ბრძანებით მოქმედებდნენ პოლიციელები ძალის გადამეტების რამდენიმე ეპიზოდში, და რა ინფორმაცია არსებობს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით.

„ვინ დაისაჯა, გამოძიების ფარგლებში რა ხდება, დღეს რა მოცემულობა გვაქვს, გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით მინდა გთხოვოთ განმარტება და დაისჯება თუ არა დამატებით ვინმე უფლებამოსილების გადამეტებაზე. აქ მონაცემებიც საზოგადოებაში მწირია.

ჩვენ ბევრს ვცდილობთ ხოლმე ეს მონაცემები გავავრცელოთ, თუმცა სხვა ინფორმაციები ამას ფარავენ, რამდენი ადამიანია ამ შემთხვევაში პასუხისგებაში მიცემული, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შეიძლებოდა თუ არა ჩვენ არ შემოგვეშვა საზღვარზე გავრილოვი და რამდენად ვართ დაზღვეული მსგავსი პრეცედენტებისგან. გასაგებია, რომ გარკვეული რისკები არსებობს ისეთი, რომლის გადაზღვევა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი და თეორიულად შეიძლება და ამ თეორიულ დაშვებას კარგად იყენებენ ის ადამიანები, ვისაც ამის ინტერესი გააჩნია და მეტის არაფრის, მაგრამ რამდენად გვქონდა ჩვენ ამის შესაძლებლობა, ეს ადამიანი საზღვარზე არ შემოგვეშვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.