მამუკა მდინარაძე - ფრაქციის ბოლო სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა ვინმეს გარიცხვაზე
მამუკა მდინარაძე - ფრაქციის ბოლო სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა ვინმეს გარიცხვაზე

ფრაქციის ბოლო სხდომაზე არც ერთი სიტყვა არ თქმულა ვინმეს გარიცხვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, გარიცხავენ თუ არა გუნდიდან ეკა ბესელიას.

„იყო საუბარი იმაზე, რომ ერთი მხრივ, დაირღვა გუნდური თამაშის წესები, დაირღვა რეგლამენტი და გამოვნახეთ ყველაზე რბილი გზა იმ ხარვეზის გამოსასწორებლად, რაც იყო დაშვებული, მათ შორის, გედევან ფოფხაძის მიმართ.აქედან გამომდინარე, რაიმე სანქციაზე საუბარი არ ყოფილა. მსგავს საკითხებზე ვისაუბრებთ უმრავლესობის ფორმატში. ვერ დაგიანონსებთ, რომ აპრიორი, ვინმეს გარიცხვაზე იქნება საუბარი. ყოველთვის ვცდილობთ, რომ გუნდის თითოეულ წევრს მოვუფრთხილდეთ, რა გაურკვევლობაც უნდა იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მთაწმინდაზე გასამართ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, ამ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.

„როგორც კი გადაწყვეტილება იქნება ამის შესახებ, გეცოდინებათ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.