მამუკა მდინარაძე - ჩანაწერების საქმეში დაზარალებული ფიზიკურად არ არსებობს და დანაშაულზე არ შეიძლება, იყოს საუბარი
მამუკა მდინარაძე - ჩანაწერების საქმეში დაზარალებული ფიზიკურად არ არსებობს და დანაშაულზე არ შეიძლება, იყოს საუბარი

დაზარალებული აუცილებლად უნდა იყოს ისეთ საქმეებში, რომელიც არის მაგალითად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ; ჯანმრთელობის დაზიანება, ნაკლებად მძიმე – მძიმე, ასევე საკუთრების წინააღდეგ მიმართული – ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, სხვა შემთხვევაში მუქარა და ასე შემდეგ, აქ თუ დაზარალებული არ არსებობს და ფიზიკურად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ზიანი მიადგა, დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, რომ პროკურატურის მიერ საქმის აუდიოჩანაწერების წარმომავლობის დასადგენად და არა მუქარის შესახებ დაწყებას ოპონენტები პოლიტიკურ დაკვეთად აფასებენ.

მდინარაძის თქმით, ამ საქმეში დაზარალებული ფიზიკურად არ არსებობს, არ არსებობს კონკრეტული ფიზიკური პირი, რომელსაც რაიმე სახის ზიანი მიადგა.

„რაღაცას ვისმენთ ფაბრიკაციაში თუნდაც, თითქოს ვინმეს მართლა ხომ არ დაემუქრნენ ან ფიზიკური ზიანი ხომ არ მიადგა და ასეთი პირი არ არის. კიდევ ერთხელ განვმარტავ, ყველასთვის გასაგები რომ იყოს – ეს ადამიანები, ნაცმოძრაობის ზოგი აქტივისტი, აქტორი, რომელიც ჩართულია მათ კამპანიაში, როცა მოვიხსენიე, „ნაცები“ არიან და დაზარალებულები არიან ეს კი არ მითქვამს, მე ვამბობდი და ამას ყოველთვის გავიმეორებ, რომ ეს ადამიანები დაზარალებულები კი არ არიან, ესაა ხალხი, რომელიც ჩაერთო ამ კამპანიაში და არანაირი შეხება იმ ჩანაწერთან არ აქვს. ცალკე აღებული რაღაცას ამბობენ ეს ადამიანები. მათ თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი აქვთ, რომელიც ელემენტარული ვარაუდის სტანდარტს დააკმაყოფილებს, რომ მართლაც მოხდა რაიმე დანაშაულის ფაქტი მათ მიმართ განსაკუთრებით, უნდა შეიტანონ განცხადება. ამ კამპანიაში დაახლოებით 500 კაცი მაინც წერდა „ფეისბუქზე“ და ამ 500 კაციდან რომელიმეს თუ მართლა აქვს რაიმე მტკიცებულება, შეიტანონ განცხადება და ეს კიდევ ცალკე გამოძიების საგანია. მაგრამ რაც შეეხება ცალკე აღებულ საკუთრივ ამ ჩანაწერებს, რომელიც 2010-2011 წლებშია და შემდეგ არის ფაბრიკაციის გზით გადმოცემული საზოგადოებისთვის, აქ რაიმე სახის ზიანი თუ ვინმეს მიადგა, ასეთი ადამიანი უნდა არსებობდეს.

აქვე განგიმარტავთ საინტერესო რამეს. სისხლის სამართლის სფეროში რაღა აქ დამიწყეს კამათი, ცოტა სხვა სფეროში მაინც შემეკამათონ, შანსი მეტი რომ ჰქონდეთ. მოკლედ, დაზარალებული აუცილებლად უნდა იყოს ისეთ საქმეებში, რომელიც არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. ხომ ვერ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, ჯანმრთელობის დაზიანება, ნაკლებად მძიმე – მძიმე, ასევე საკუთრების წინააღდეგ მიმართული – ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა , სხვა შემთხვევაში მუქარა და ასე შემდეგ, აქ თუ დაზარალებული არ არსებობს და ფიზიკურად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ზიანი მიადგა, დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ამისგან რადიკალურად განსხვავდება შემთხვევა, როდესაც ისეთ დანაშაულთან გვაქვს საქმე, როგორიცაა იარაღის უკანონო ტარება, ნარკოტიკული დანაშაული, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და ასე შემდეგ, სადაც შეიძლება კონკრეტული მომჩივანი და დაზარალებული ვერ იყო და ვერ იქნება ასეთი ბუნებაში, აქ საჯაროა წესი ირღვევა, ზიანდება სახელმწიფო ინტერესი, საზოგადოებრივი ინტერესი, საჯარო წესრიგი ირღვევა და ამ შემთხვევაში დაზარალებულის არსებობა წარმოუდგენელია – ერთიც და მეორეც დანაშაულია. ეს მარტივი იურიდიული ჭეშმარიტებაც სპეკულაციის საგანი ხდება ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.