მამუკა მდინარაძე - ბაღდათში ტრაგიკული შემთხვევის გამო, უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკურ განცხადებებზე
მამუკა მდინარაძე - ბაღდათში ტრაგიკული შემთხვევის გამო, უმრავლესობა დღეს უარს ამბობს პოლიტიკურ განცხადებებზე

ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე.

„ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. მძაფრდება ემოცია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ძალიან სამწუხარო ამბავია და უმრავლესობაში კონსულტაციების შედეგად, უმრავლესობის დეპუტატების გადაწყვეტილებით, მივიჩნიეთ, რომ დღეს პოლიტიკური განცხადებები არ იქნებოდა რელევანტური მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, უმრავლესობა სწორედ ამ ფაქტის გამო, უარს ამბობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე ბაღდათში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რასაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ოთხი მცირეწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომის გადადების საკითხზეც იმსჯელა.

„მივიჩნიეთ, რომ რეგლამენტის დარღვევა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი და მხოლოდ ამ მოტივით არ ვიფიქრეთ ამ თემაზე. რაც შეეხება მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს, შესაბამისი სამსახურები დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებენ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც, იმ ოჯახთან დაკავშირებითაც და იქ უკვე გარკვეული იქნება სიმართლე ძალიან მარტივად“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.