მამუკა მდინარაძე - ამომრჩევლის აქტიურობა არის გადამწყვეტი, რომ პირველსავე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება
მამუკა მდინარაძე - ამომრჩევლის აქტიურობა არის გადამწყვეტი, რომ პირველსავე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მან ამისთვის მადლობა გადაუხადა თითოეულ დამკვირვებელს, არასმთავრობო ორგანიზაციებს, საერთაშორისო დამკვირვებლებს და სამართალდამცავებს.

„ბევრ უბანზე დაგეგმილი პროვოკაციის მიუხედავად, სამართალდამცველები კარგად ართმევენ თავს მოვალეობას და დროულად აღკვეთეს ყველა პროვოკაციული მოქმედებას, რაც ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან იყო ინსპირირებული. ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, კიდევ მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. უფრო მაღალი აქტიურობის შემთხვევაში არის დიდი შანსი, რომ ყველა ოლქში არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დასრულდეს. კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული გვაქვს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების დიდი გამოცდილება და დღევანდელი დღეც ამას დაადასტურებს. ჩვენმა ოპონენტებმა ყველაფერი სცადეს, დაწყებული ე.წ. ჯილდოების  დაწესებიდან, რომელიც დაბრალებისთვის იყო პრაქტიკულად, ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და აღიქვა, ისე გაგრძელებული სხვადასხვა სპეკულაციებით, სხვადასხვა დაბრალებებით და ასევე, გაგრძელებული სიების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით.

ეს იყო აბსოლუტურად არალეგიტიმურად გავრცელება ინფორმაციის, კიდევ უფრო სწორად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რადგან ჩვენს კოორდინატორებს, ჩვენს წარმომადგენლებს ჰქონდათ ყველა მონაცემი, გარდა პირადი მონაცემისა. მათ ყველა მონაცემი ჰქონდათ აბსოლუტურად ლეგიტიმურად და პირადი მონაცემები იმ სიებში, რომელიც მათ ხელთ ჰქონდათ, ნამდვილად არ იყო, ეს ნახა თითოეულმა ჟურნალისტმა მათ შორის მათ, რომელიც აშუქებს მოვლენებს საარჩევნო უბნებიდან. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო დღე დამთავრდეს რეალურად ისე, რომ დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ იყოს და არანაირი კითხვის ნიშანი არ დაისვას. კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ამომრჩევლებს, მათი აქტიურობა არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში ჩვენი კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს და პირველივე ტურში ვიზეიმოთ გამარჯვება დღეს, 20:00 საათის შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს.

„აქედან გამომდინარე, თუ გააქტიურდებიან ჩვენი მხარდამჭერები, ამომრჩევლები ზოგადად, ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ნაკლებია მეორე ტურის ჩატარების შანსი. შემიძლია, დაბეჯითებით და მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ და აქედან გამომდინარე, თამამად ვამბობთ, რომ შესაძლებელია, მათ პირველივე ტურშიც კი გაიმარჯვონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ უნდა იყვნენ „შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის მხარდაჭერა იმ უკვე ცნობილ ჩანაწერში არსებული პათოსისა, რომ რამენაირად მათ უნდა გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, აადუღონ პროცესი. მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის აბსოლუტურად არასახელმწიფოებრივი. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო მოქმედება იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან და კანონის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით იქნება უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.