მამუკა კვარაცხელია უეფა-ს დელეგატი გახდა - ჩემ შემთხვევაში, ორგანიზაციამ საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვა #1TVSPORT
მამუკა კვარაცხელია უეფა-ს დელეგატი გახდა - ჩემ შემთხვევაში, ორგანიზაციამ საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვა #1TVSPORT

„ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტიტულის მოპოვებას საპატიო მიზეზით ვერ დავესწარი უდინეში, რადგან უეფა-ს კონფერენს ლიგაზე, სლოვენიის პატარა ქალაქ ცელიეში გახლდით დელეგატი „ცელიე“-„ლუგანოს“ (2:4) განმეორებით მატჩზე. 25-წლიანი მედიაოფიცრობის შემდეგ ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა დელეგატის რანგში“, – ამ სიტყვებით გვამცნო უეფა-ს უკვე ყოფილმა მედიაოფიცერმა, მამუკა კვარაცხელიამ დაწინაურების ამბავი.

მამუკა კვარაცხელია 1990 წელს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია – სფფ-ის სტადიონების ინსპექტირების უფროსი, რამდენიმე წიგნის ავტორი. დიდი ხანია, ქართულ მედიაში მოღვაწეობს, გახლდათ უეფა-ს მედიაოფიცერი, ახლა კი – უეფა-ს დელეგატი.

„2001 წლიდან ვიყავი უეფა-ს მედიაოფიცერი. ჩემპიონთა ლიგაზე, უეფა-ს თასსა და ევროპის ჩემპიონატებზე 100-ზე მეტ მატჩზე მიმუშავია, სადაც მედიის კონტროლი და მატჩამდე თუ მატჩის შემდეგ ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების პრესკონფერენციაზე ან ინტერვიუზე გაყოლა მევალებოდა.

25 წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ამპლუა შემეცვალა და უფრო მაღალი თანამდებობა დამეკავებინა. ამისთვის საჭირო იყო სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თანხმობა, რათა ჩემი კანდიდატურა გაეგზავნა უეფა-ში. ლევანმა ეს დიდი სიხარულით მიიღო და, რა თქმა უნდა, წერილიც გაგზავნა. პრობლემა ის იყო, რომ ვთხოვე, არავის ადგილი არ დამეკავებინა, რადგან სფფ-ს დელეგატების შვიდივე ადგილი შევსებული ჰქონდა.

ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩემთვის უეფა-ს გამონაკლისი უნდა დაეშვა და დამატებითი ადგილი მიენიჭებინა სფფ-ისთვის. შარშან, მარტში ლუქსემბურგთან მატჩზე შევხვდი უეფა-ს გენერალურ მდივანს, თეო თეოდორიდისს და ჩემი თხოვნა პირადად გადავეცი. მან მირჩია, წერილით მიმემართა, რაც მაშინვე გავაკეთე.

ლევანისგან დადებითი რეკომენდაციის შემდეგ უეფა-ს პრეზიდენტთან, ჩემი საფეხბურთო წარსულის გარდა, ისიც დამეხმარა, რომ მისი თანაშემწე სწორედ მე ვაზიარე 15 წლის წინ კიევში უეფა-ს მედიაოფიცრის ინსტიტუტს. მანაც რეკომენდაცია გამიწია პრეზიდენტთან. საბოლოოდ, უეფა-მ თანხმობა მისცა სფფ-ს და ჩვენ – მე და ოთარ დოლიძე (რომელიც გათავისუფლებულ ადგილზე დაინიშნა) დელეგატთა სასწავლო შეხვედრაზე გავემგზავრეთ. იქ ოთარმა ყველას აჯობა, მათ შორის, მეც.

პირველი პრაქტიკა ქუთაისში, „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ მატჩზე მქონდა, ხოლო შემდეგ უკვე სლოვენიის ქალაქ ცელიეში, კონფერენს ლიგაზე ადგილობრივ „ცელიესა“ და შვეიცარული „ლუგანოს“ შეხვედრაზე დამნიშნეს. მახლდა ძალიან გამოცდილი მენტორი, იაკობ ერელი, რომლისგანაც ბევრი ვისწავლე.

თუმცა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ საუკეთესო დელეგატები გვყავს – ირაკლი ნაკაიძე, ბაქარ ჟორდანია, ნიკო ჯღარკავა, თამარ ჭიჭინაძე, ვახტანგ ბზიკაძე და დათო დათუნაშვილი, რომელიც მუდამ მეხმარებოდა და სასარგებლო რჩევებს მაძლევდა. მოკლედ, ახალი თავგადასავლები იწყება ახალ ამპლუაში“, – ამბობს მამუკა კვარაცხელია.