მამუკა კვარაცხელია - ფოთის „კოლხეთს“ ლამაზ სტადიონს უშენებენ
მამუკა კვარაცხელია - ფოთის „კოლხეთს“ ლამაზ სტადიონს უშენებენ

მამუკა კვარაცხელია ფოთის საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს. უეფა-ს მედიაოფიცერმა და ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მშენებლობისას წარმოქმნილ პრობლემებზე საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

„ფოთის სტადიონზე მცირე ხარვეზები ნამდვილად იყო, მაგრამ ჩემს სიტყვებზე კი პასუხს ვაგებ – ეს მალე და ადვილად გამოსწორებადი პრობლემებია. გავრცელებულ ვიდეორგოლში აჩვენეს საშხაპეები, სადაც შესვლა შეუძლებელი იყო. მაგრამ უეფა-ს მოთხოვნების შესაბამისად, შეიძლება სტადიონზე დამონტაჟდეს 5-დან 7-მდე საშხაპე. რადგან ფოთში ორი საშხაპე შესასვლელად მოუხერხებელი იყო, პრობლემა მარტივად მოგვარდა – ის დაილუქა და არსებული რაოდენობაც სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საკმარისი აღმოჩნდა“,  – ამბობს საქართველოს პირველ არხთან კვარაცხელია.

მისი თქმით, სტადიონის უხარისხოდ აშენებასთან დაკავშირებით წამოწყებული კამპანია უსაფუძვლოა.

„ეს იყო უადგილო აჟიოტაჟი, რადგან არსებული პრობლემების მოგვარებას იმაზე ნაკლები თანხა სჭირდება, ვიდრე მაგალითად, „კოლხეთი“ სარაგბო „პარკია-არენის“ დაქირავებაში იხდის. ეს იქნება ძალიან ლამაზი სტადიონი და ჩემი აზრით, მაისის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში მზად იქნება, რომ ფოთის „კოლხეთის“ საშინაო მატჩებს უმასპინძლოს”,- განაცხადა კვარაცხელიამ.