მამუკა კობახიძე - შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ „ტორპედოდან“ არსად წავსულვარ
მამუკა კობახიძე - შემოთავაზებები მაქვს, მაგრამ ჯერ „ტორპედოდან“ არსად წავსულვარ

მამუკა კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ მცველი ბათუმის „დინამოში“ გადასვლას არ ადასტურებს.

„სხვადასხვა კლუბებიდან შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს, მაგრამ დღემდე „ტორპედოდან“ არსად წავსულვარ. კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს მიმთავრდება და მერე ვნახოთ, რა იქნება. მეც სხვა ფეხბურთელებივით ველოდები „ტორპედოში“ მოვლენები როგორ განვითარდება”, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან მამუკა კობახიძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის „ტორპედოს“ ადმინისტრაცია ორი თვეა მოთამაშეების, სამწვრთნელო შტაბისა და პერსონალის ხელფასების გასტუმრებას ვერ ახერხებს. შედეგად, მოთამაშეთა ჯგუფმა წასვლა გადაწყვიტა.

გუნდის პრეზიდენტმა ზაზა ჩაჩავამ არსებული დავალიანების გასტუმრების და გუნდის შენარჩუნების სურვილი დააფიქსირა თუმცა, პარალელურად, კლუბის რეორგანიზაციას და ხელფასების შემცირებას გეგმავს.

„ტორპედოში“ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ახლახანს გუნდის ფან-კლუბმა „ჩვენ ვართ ტორპედო” (We Are Torpedo ) განცხადება გაავრცელა. გულშემატკივრების ცნობით, 17 მაისს გუნდის საკითხი საბოლოოდ გაირკვევა.

„მეგობრებო, ხვალ გაიმართება გადამწყვეტი შეხვედრა ფეხბურთელებს მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელებს შორის. ფანკლუბის წევრებიც იქ ვიქნებით. რა და როგორ გადაწყდება, ყველაფერს შეგატყობინებთ“, – წერია ფან-კლუბის განცხადებაში.