მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი გადაიდო. პროცესის გადადების შესახებ შუამდგომლობა დაცვის მხარემ იმ მიზეზით დააყენა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კვლავ ვერ გამოცხადდა. მორიგი სხდომის ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია.

სასამართლოში მყოფმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას სამართლებრივ დავას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და მისი შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

საქმის პროკურორის სალომე ჩიქობავას განცხადებით კი, სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ან ბრალდების მოხსნა არ განიხილება ბრალდების მხარის მიერ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. რაც შეეხება ავთადილ წერეთელს, მის მიმართ ბრალდება წარდგენილია 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.