მამუკა ხაზარაძე - ვფიქრობ, ევროკავშირი ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ მის თავმოყვარეობას არ შეეხოს
მამუკა ხაზარაძე - ვფიქრობ, ევროკავშირი ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ მის თავმოყვარეობას არ შეეხოს

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სასჯელაღსრულების N12 დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას შეხვდა.

​შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ხაზარაძემ განაცხადა, რომ საუბარი ძირითადად ორ თემას, საგამოძიებო კომისიის შექმნასა და ევროკავშირის გირაოს გამოყენებას ეხებოდა. ხაზარაძის განმარტებით, ნიკა მელია ორივე საკითხს პრინციპულად ეთანხმება. „ლელოს“ ლიდერის თქმით, გირაოს გადახდის ნაწილში ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ნიკა მელიას თავმოყვარეობასა და იმ პრინციპებს არ უნდა შეეხოს, რატომაც ის ციხეში იმყოფება.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, ნიკა არის ჯანმრთელად და გამსჭვალულია ბრძოლის სულისკვეთებით. ორ საკითხზე გვქონდა საუბარი. ეს იყო ევროკავშირის გირაო და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. პრინციპულად იგი იზიარებს ამ პოზიციას, პრინციპულად იზიარებს, რომ ევროკავშირის გირაო არის უპრეცედენტო რამ, რაც ადასტურებს, რომ ევროკავშირი დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდის. მე არ მინდა, მის მაგივრად ვისაუბრო და ალბათ, უახლოეს დღეებში თავად გააკეთებს განცხადებას საპარლამენტო კომისიასთან დაკავშირებით. პრინციპულად ეთანხმება იდეას, მაგრამ უფრო დეტალურად მინდა, ნიკამ გააკეთოს ამაზე განცხადება.

გირაოზე დათანხმების შესახებ არ არის საუბარი, დათანხმება აქ ისე აღიქმება, რომ ნიკა უნდა დაეთანხმოს, რომ მერე „ოცნებამ“ დაამადლოს, აი, შენ დაეთანხმე გირაოსო, ეს ასე არ მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს ისე, რომ ნიკას თავმოყვარეობას არ შეეხოს და პრინციპს არ შეეხოს, რისთვისაც ის ამდენი ხანი ციხეშია. ევროკავშირი გადაიხდის და დამთავრდება ამით“, – განაცხადა ხაზარაძემ.