მამუკა ჯუღელი - კვარაცხელიას ტოპ-გუნდში თამაში შეუძლია და ამიტომ არ ვუშვებთ „უდინეზეში“
მამუკა ჯუღელი - კვარაცხელიას ტოპ-გუნდში თამაში შეუძლია და ამიტომ არ ვუშვებთ „უდინეზეში“

„რუბინი“ ხვიჩას გასაყიდად ჯერ მზად არაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, მე უარს ვიტყოდი“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას აგენტია. მან ის კლუბები დაასახელა, რომლებიც 19 წლის ფეხბურთელით დაინტერესდნენ.

„ევროპაში ხვიჩას ტრანსფერზე „რუბინის“ ხელმძღვანელებს ველაპარაკე – სლუცკის („რუბინის“ მწვრთნელი) და იაროვინსკის (სპორტული დირექტორი )… კვარაცხელიას კიდევ ერთი-ორი წელი სჭირდება მოსამზადებლად. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 5 კლუბი დამიკავშირდა – „ტორინო“, „სასუოლო“, „ზალცბურგი“, „გენტი“ და „უდინეზე“. ამის თაობაზე იაროვინსკიმ არაფერი იცის? უბრალოდ, ახლა „რუბინი“ ხვიჩას გასაყიდად ჯერ მზად არაა, მაგრამ ასეც რომ იყოს, უარს ვიტყოდი – მას რუსეთის პრემიერლიგაში თამაში ჯერ კიდევ სჭირდება, რათა გამოცდილება დააგროვოს”, – თქვა ნობელ არუსტამიანთან „იუთუბ-არხზე“ ინტერვიუში მამუკა ჯუღელმა.

რუსულ ბაზარზე გასული ყველაზე წონიანი ქართველი აგენტი ამბობს, რომ კვარაცხელიას მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში გადასვლა სურს.

„ჩემი სურვილია, რომ ხუთ წელიწადში ხვიჩამ „რეალში“ ითამაშოს. მჯერა თუ არა ამის? როცა ის 15 წლის იყო, ვყვიროდი, რომ იზრდება ვარსკვლავი. „ბაიერნს“ სურდა მისი აყვანა, როცა 17 წლის იყო. ჰკითხეთ ხვიჩას – მიუნხენშიც იყო, ბაზაც დაათვალიერებინეს, სალიჰამიჯიჩიც („ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ) ელაპარაკა. მერე „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასაც შევხვდით, მაგრამ ბოლოს მაინც თავი შეიკავეს. მჯერა, რომ ის ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლუბში მაინც ითამაშებს – არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება „რეალი“, იგივე „ბაიერნი“, „ბარსელონა“, „ჩელსი“, „იუვენტუსი“, „მილანი“ თუ „ინტერი“. მთავარია, თავიდან ტრავმები აიცილოს. მის შესაძლებლობებში დარწმუნებული რომ არ ვიყო, მაგალითად, „უდინეზეში“ გავუშვებდით“, – ამბობს ჯუღელი.