მამუკა ჯუღელი - არაბიძე ერთ-ერთი გამორჩეულია და მისი დაკარგვა არ შეიძლებოდა
მამუკა ჯუღელი - არაბიძე ერთ-ერთი გამორჩეულია და მისი დაკარგვა არ შეიძლებოდა

საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ცნობილმა მენეჯერმა, მამუკა ჯუღელმა ვოლგოგრადის „როტორში“ გიორგი არაბიძის ტრანსფერს მისი ფეხბურთში დაბრუნება უწოდა.

„ახალი წლამდე არაბიძეზე ლაშა სალუქვაძემ მითხრა, რომ პორტუგალიაში არ ათამაშებდნენ. საქართელო პატარა ქვეყანაა და დასაკარგი მოთამაშე არ გვყავს, მით უფრო, უდიდესი პოტენციალის მქონე 22 წლის ფეხბურთელი. „როტორის“ მწვრთნელს, ხაცკევიჩს არაბიძე უკრაინიდან კარგად ახსოვდა და მისი დამატების იდეა მოეწონა. ზუხბაია და ხუციშვილი დამეხმარნენ, საიჯარო კონტრაქტი გაფორმდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან მამუკა ჯუღელი.

ცნობილი მენეჯერის თქმით, არაბიძე თურქულ შეკრებაზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს: „ვოლგოგრადის „როტორში“ ჩატარებულ საკონტროლო შეხვედრებში გიორგი მომეწონა. თანაც, დიდი ხნის უთამაშებელმა ძლიერ დატვირთვებს მშვენივრად გაუძლო, ძალიან მონდომებულია და არავსიზე ნაკლებად არ გამოიყურებოდა. რაც მთავარია, ძალიან შეცვლილია – დაკაცებულია, სულ ვარჯიშობს, დამატებით ტრენაჟორებში იტვირთება და დიდი იმედი მაქვს, რომ ფორმაში შევა. მისი დაკარგვა არ შეიძლებოდა და მიმაჩნია, რომ არაბიძის სახით ქართულ ფეხბურთს ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი დავუბრუნე“.