მამუკა გიორგაძე - შორს ვარ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება აქციების შედეგია
მამუკა გიორგაძე - შორს ვარ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება აქციების შედეგია

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ აქციების შედეგია, – ამის შესახებ „სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ, მამუკა გიორგაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს შედის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მას თავისი გათვლები აქვს და ამას ამისთვისაც იყენებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღეს ეს სახელმწიფო ინტერესს დაემთხვა. სახელმწიფო ინტერესია, შეიქმნას მდგრადი პოლიტიკური სისტემა, მდგრადი პოლიტიკური ინფრასტრუქტურა. ანუ, პროცესები უმართავად, ქაოსურად, ქუჩაში და ხელოვნური დაპირისპირების მიმართულებით კი არ მიდიოდეს, არამედ პრინციპების, პროგრამების, დისკუსიის მიმართულებით. არჩევნებიდან ქვეყანა გამარჯვებული უნდა გამოვიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის შეთანხმდეს – ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ამ კუთხით მივდივართ“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნები ხელს შეუწყობს რეალური პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ეპიცენტრს თავისთავად გადაიტანს პარლამენტში.

„როცა ვსაუბრობთ, რომ 240 პარტიაა რეგისტრირებული, საქართველოში ძალიან მცირე პარტიებია და ყველა არის ამა თუ იმ კლანის გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების გამომხატველი. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეალური პოლიტიკური ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც ეპიცენტრს თავისთავად გადაიტანს პარლამენტში, დარბაზში და ყველას აიძულებს, ის ლექსიკა გამოიყენოს და ის ქმედებები განახორციელოს, რაც სოლიდური პოლიტიკური ძალებისთვის არის საჭირო“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, გაერთიანებულ ოპოზიციაში მყოფი პარტიების უმეტესობა, ერთი ჯგუფი ადგილობრივ არჩევნებზე და მეორე საპარლამენტოზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიყვანა, როგორც მატარებელმა თუ ლოკომოტივმა.

„ეს ხალხი არის დაფინანსებული ორგანიზაციები, კვალიფიციური სუბიექტები, გააჩნიათ დრო, ფული და ცესკო-ში წარმომადგენლობა იმ დოზით, რომ დამკვირვებლები დაფინანსებულია. იგივე მაგალითს ნახავდით ზუგდიდში, როცა ამ პარტიების საეთერო დროში კლიპში სანდრა რულოვსი გამოდიოდა. აი, სწორედ ეს მომენტებია, რაც ბლოკის შემთხვევაში კიდევ გააჩენს ასეთი სატელიტებს“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

„სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ნულოვანი ბარიერი აუცილებელია.

„ამ შემთხვევაში, ვინ მოიგებს, ვინ წააგებს და ვის აწყობს ან ვის არ აწყობს, ეს არ უნდა იდგეს დღის წესრიგში. სასურველია, ამ ეტაპზე იყოს ნულოვანი ბარიერი, რათა არავის არ დარჩეს განცდა, რომ ვიღაცამ ის დაჩაგრა. ჩვენ მივესალმებით ნულოვან ბარიერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელისუფლების დღის წესრიგია და მზად ვართ, „სახალხო პარტიამ“ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა მამუკა გიორგაძემ.