მამუკა ბიძინაშვილი – 2022 წლისთვის სოხუმის „დინამო“ საკუთარ ბაზაზე გადავა
მამუკა ბიძინაშვილი – 2022 წლისთვის სოხუმის „დინამო“ საკუთარ ბაზაზე გადავა

სოხუმის „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე და დამფუძნებელი მამუკა ბიძინაშვილი აცხადებს, რომ კლუბს მალე საკუთარი სტადიონი და ბაზა ექნება.

„საფეხბურთო კლუბის განვითარება შესაფერისი ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენი კლუბის ძირითადი აქცენტი ამისკენ არის მიმართული – საკუთარი კადრის აღზრდის გარეშე განვითარებაზე საუბარი არ შეიძლება და მიმაჩნია, რომ წინსვლისთვის სწორი აქცენტები დავისახეთ. ჩვენს მფლობელობაში მრავალწლიანი იჯარის საფუძველზე გვქონდა ოთხ ჰექტრამდე მიწის ფართობი ევროპული კატეგორიის სტადიონის და საწვრთნელი ბაზის მოსაწყობად, რაშიც უდიდესი დახმარება გაგვიწია სფფ-მ და ბატონმა მამუკა კვარაცხელიამ, ჩვენს მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული მათი შენიშვნები და მადლობა მათ ამისთვის! შედეგად, გავაკეთეთ შესაბამისი დონის პროექტი, რამდენიმე უცხოელ ინვესტორთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში იყო შესული“, – ამბობს მამუკა ბიძინაშვილი

სოხუმის „დინამო” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა საინტერესო სიახლე გაავრცელა: „აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე რუსლან აბაშიძის დანიშვნამ ჩვენი გეგმები ნაწილობრივ შეცვალა. ერთობლივი გადაწყვეტილებით, მიწის ფართობი გადავეცით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, რომელთაც თავის მხრივ აღნიშნულ ფართობს დაახლოებით სამჯერ მეტი დაამატეს, სადაც მოეწყობა მრავალპროფილიანი სპორტული ცენტრი, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოხუმის „დინამო“ იქნება.

ვვარაუდობთ, რომ 2022 წლისთვის კლუბი, ყველა თავისი სტრუქტურით იქ დისლოცირდება. მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი, საშვილიშვილო, ეროვნული საქმე და არ შემიძლია, რუსლან აბაშიძეს მადლობა არ გადავუხადო. სოხუმის „დინამოს“ გვიან, მაგრამ მაინც ექნება თავისი ბაზა, სტადიონი, თანამედროვე აკადემია და აქედან გამომდინარე ყველა წინაპირობა განვითარებისთვის და წინსვლისთვის. სხვა მხრივ მიმაჩნია, რომ კლუბი სტრუქტურულად მზად შეხვდება „ახალმოსახლეობას“ და ქართული ფეხბურთი მიიღებს კიდევ ერთ, მძლავრ, საფეხბურთო კონგლომერატს, რაც თავისთავად შესანიშნავია“.