მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დალასის მერის, მაიკ როულინგსის სახელით, მამუკა ბახტაძეს დალასის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დალასის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოსთან შეხვედრისას სიტყვით გამოსვლის დროს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული გარდაქმნა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

„აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილის აღნიშვნისას ორიოდე დღის წინ ხელი მოეწერა ახალ დეკლარაციას, რომელიც წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ქმნის ორივე ერისთვის, ჩვენ ბევრი მიღწევა გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში და ახლა დადგა ეკონომიკური მიმართულების წამოწევის დრო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-თან ორმხრივ ურთიერთობაზე, რომელიც დღეს უმაღლეს ნიშნულზეა და ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

„გვსურს, მეტი ამერიკული კომპანია ვიხილოთ საქართველოში და მეტმა ამერიკულმა კომპანიამ გამოიყენოს პლატფორმად საქართველო სამყაროს ჩვენს ნაწილში სავაჭრო ურთიერთობებისა და პროდუქციის რეალიზაციისთვის, ვინაიდან ეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ტემპით მზარდი სამომხმარებლო ბაზარია”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოს წევრების კითხვებს უპასუხა.