მამუკა ბახტაძემ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა
მამუკა ბახტაძემ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კლაუდია როთს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ეწვია.

საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და მაღალი დონის შეხვედრების პოზიტიურ დინამიკას.

ყურადღება გამახვილდა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე და ხაზი გაესვა გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას რეფორმის სწორად განხორციელების პროცესში, კერძოდ პროფესიული განათლების მიმართულებით.

საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ევროკავშირის მხარდაჭერის როლს მის წარმატებით იმპლემენტაციაში.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველო, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ეკონომიკას ავითარებს და რეგიონის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. კლაუდია როთმა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ბერლინის კედელი გაიხსენა და აღნიშნა, რომ გამყოფი კედლები ადრე თუ გვიან დაინგრევა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი 11-12 ივლისს მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა“, რომელსაც ბათუმი უმასპინძლებს.