მამუკა ბახტაძე - წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
მამუკა ბახტაძე - წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას

წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმა მადლობა გადაუხადა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ იოჰანეს ჰანს გულთბილი მიღებისთვის და ასოცირების საბჭოს დღევანდელი შეხვედრისთვის.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მაღალი დონის დელეგაცია საქართველოდან სტუმრობს ბრიუსელს. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის პირველი და ძალიან წარმატებული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. ეს აღმავალი დინამიკა ცხადყოფს, რომ ჩვენი ურთიერთობები დინამიურად და ინტენსიურად ვითარდება.

უდავოდ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა და შევძელით გვესაუბრა იმ დიდ წინსვლაზე, რაც ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრს შეეხება.

განვიხილეთ ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის განხორციელება. საქართველო განაგრძობს საკანონმდებლო და ინსტიტუციური სისტემების გარდაქმნას, რათა ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს შეუსაბამოს ისინი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, პირველი მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიას შორის გასული წლის ნოემბერში შედგა.

„შეხვედრამ ახალი დინამიკა შესძინა ჩვენს თანამშრომლობას და ასოცირების პროცესიც დააჩქარა. მან შესანიშნავი ფორმატი შექმნა ახალი იდეებისა და ინიციატივების განსახილველად. შევთანხმდით, რომ გულდასმით დავაკვირდებით ჩვენი დიალოგის ყველა სხვა ფორმატში მიღებულ შედეგს.

დღეს განხილულ ყველა დადებით თემასთან ერთად შევეხეთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის საკითხს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ყველა შემთხვევაზე – მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების ბრუტალურ მკვლელობებზე – ჩვენს ერთობლივ პასუხს.

განვიხილეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მისი განხორციელების მნიშვნელობა. მტკიცედ გვწამს ხალხთა შორის ურთიერთობების და მსგავსი ინიციატივების საშუალებით მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის მექანიზმი.

„ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი. საქართველოს მონიტორინგის მისიის შენარჩუნების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მედიაციის ძალისხმევის გზით ევროკავშირს ნაკისრი აქვს ვალდებულება და ქვეყანას მხარს უჭერს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გზით, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისაა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

განვიხილეთ ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმის დახვეწის პროცესში მიღწეული წინსვლა, უვიზო მიმოსვლის უხარვეზო ფუნქციონირების უზრუნველმყოფი ნაბიჯები და ზომები. ეს მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენა ძლიერი მასტიმულირებელი ფაქტორი აღმოჩნდა საქართველოს ევროპული გზის კონტექსტში და ვაპირებთ ჯეროვნად გამოვიყენოთ.

ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ჩვენი მეწარმეები დიდ სარგებელს იღებენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით მონიჭებული შესაძლებლობებით. დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული ნაბიჯები განვიხილეთ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩინებისთვის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.

შეხვედრაზე წარმოვადგინეთ ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენეული საგზაო რუკა, რომელიც ჩვენი რეფორმების კონსოლიდაციას ახდენს, თანამშრომლობის ყველა იმ ინსტრუმენტთან ერთად, რაც დააჩქარებს და დააწინაურებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.