მამუკა ბახტაძე - სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა გამოიწვია
მამუკა ბახტაძე - სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა გამოიწვია

მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა, არ შეესაბამება რეალობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა. მამუკა ბახტაძემ მიმართა ოპოზიციას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება.

„როგორ არასასიამოვნოდაც უნდა მოგეჩვენოთ სიმართლე, მისი მოსმენა მაინც მოგიწევთ. დასაწყისშივე ვიტყვი, თქვენი მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება რეალობას.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში დავიწყეთ ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობდა თანმიმდევრულად, მათ შორის, ყველა იმ უწყებაში, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციაზე, გამოძიებაზე, მასზე ზედამხედველობასა და სასჯელის აღსრულებაზე. მათ შორის, ზოგადად, შეიცვალა სტატისტიკის აღრიცხვის მიმართ დამოკიდებულება და მიდგომა, გახდა უფრო კონკრეტული, ზუსტი და გამჭირვალე. 2018 წლიდან შეიცვალა დანაშაულის სტატისტიკის აღრიცხვის მეთოდოლოგია და დაინერგა ახალი მიდგომა. ეს არის გაცილებით მნიშვნელოვანი და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება, რომ მთავრობამ გააკონტროლოს და მაქსიმალური სიზუსტით აღრიცხოს ნებისმიერი ფაქტი, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახეზე მკვეთრად გამოხატული დანაშაულის ყველა ნიშანი, ასევე შესაძლო დანაშაულის ბუნება, სიმძიმე და გახსნის ალბათობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სიმართლე არის ის, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სამართალდამცავი სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა ღიაობა და გამჭვირვალობა.

„ძირეულად შეიცვალა მიდგომა დანაშაულის აღრიცხვისადმი და ის უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს. სიმართლე არის ის, რომ სწორედ ზემოთ აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა, რომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, დანაშაულის 54-პროცენტიანი ზრდა მნიშვნელოვანწილად აღრიცხვიანობის ზრდის სიზუსტეს უკავშირდება და არა ცალსახად კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმებას. ქვეყანაში რეალური კრიმინოგენური მდგომარეობის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია რეგისტრირებული დანაშაულის ტიპისა და ბუნების, პოლიციისადმი მიმართვიანობის მაჩვენებლისა და ბევრი სხვა ფაქტორის გათვალისწინება.

სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მაჩვენებლები უცვლელია ან შემცირებული, ხოლო მატება ძირითადად იმ დანაშაულებზე მოდის, რომელთა კუთხით ან მიმართვიანობა გაიზარდა მკვეთრად ან აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა. წარმოგიდგენთ მონაცემებს: კერძოდ, 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, არ შეცვლილა მკვლელობების მაჩვენებელი, შემცირდა ყაჩაღობა და განსაკუთრებით შემცირდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება − თითქმის 18%-ით.

სიმართლე არის ის, რომ დანაშაულის მთელ რიგ კატეგორიებში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამ, გატარებულმა რეფორმებმა, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის გაზრდამ გამოიწვია პოლიციისადმი მიმართვიანობის ზრდა. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნება, მაგალითად, ოჯახში ძალადობა, მუქარა და ა.შ.“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, ამავე დროს, ზრდა ძირითადად მოდის საკუთრებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე. საუბარია ძირითადად ქურდობასა და ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებებზე. ანუ იმ კატეგორიის დანაშაულზე, რომლებზეც პირდაპირ ახდენს გავლენას აღრიცხვიანობის გაუმჯობესება.