მამუკა ბახტაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დავით გარეჯის თემაზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ
მამუკა ბახტაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დავით გარეჯის თემაზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დავით გარეჯის თემაზე გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. პრემიერის თქმით, ეს საკითხი ისე გადაწყდება, როგორც შეეფერება საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობის სულისკვეთებას.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც ეს პრობლემა დაიწყო, ბუნებრივია დავალება მქონდა მიცემული ყველა უწყებისთვის და ისინი იყვნენ თავიანთ კოლეგებთან ინტენსიურ კავშირზე. ბუნებრივია ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის და იცით, რომ მოხდა შეთანხმება. ამ შეთანხმების მიხედვით, ჩვენც და აზერბაიჯანული მხარეც შევქმნით კომისიას. ჩვენ შემთვევაში ეს იქნება განახლებული კომისია, რომელსაც უახლოესი მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ. იქ შევა ბუნებრივია ყველა უწყების წარმომადგენელი, რომელიც ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში და დავიწყებთ დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესს. ბუნებრივია, ეს პროცესი არის საკმაოდ რთული, დროში ტევადი და აქვე ჩვენ შევთანხმდით, რომ მანამდე სანამ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, სამონასტრო კომპლექსის სხვადასხვა მიმართულებაზე ჩვეულებრივი პრაქტიკით გაგრძელდება გადაადგილება.

ძალიან კარგად მესმის თითოეული ქართველისთვის, მათ შორის ჩემთვის ეს არის ძალიან ემოციური საკითხი, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს მივმართო ყველას და ვთხოვო, რომ თავი შევიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ემოციური გამონათქვამებისგან, რომელსაც კავშირი არ აქვს ნამდვილად რეალობასთან. ჩვენ და აზერბაიჯანი ვართ მეგობარი ქვეყნები. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდება, როგორც შეეფერება ჩვენი ურთიერთობის სულისკვეთებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.