მამუკა ბახტაძე - საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი
მამუკა ბახტაძე - საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი

საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, სახელმწიფომ გადადგა ყველა ნაბიჯი, რათა აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებულად

„ანაკლიის პროექტს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია და გადავდგით ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზაცია მოხდეს წარმატებულად. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, დგას თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ პროექტის განხორციელების საკითხი, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ გამოისყიდა მიწები, რომ გადასცემოდა კონსორციუმს, ამაში გადახდილია რამდენიმე ათეული მილიონი ლარი და კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს.

„რომელი ექსპერტები ამბობენ? ვინც თავის თავს ფინანსისტს უწოდებს და მით უმეტეს ექსპერტს – მარტივი შეკითხვა მაქვს ამ ადამიანებთან. სახელმწიფომ გამოისყიდა მიწები, რომ გადასცემოდა კონსორციუმს და ამაში იქნა გადახდილი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. აიღო მთავრობამ ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია, რომ შექმნას დამატებითი ინფრასტრუქტურა, იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა თუ ნებისმიერი სხვა საკითხი. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია პრიორიტეტულ სიაში ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის. ფინანსისტებთან კი, რომლებიც თავის თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ, მაქვს შეკითხვა – ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, რომ სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და უფრო მეტიც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.