მამუკა ბახტაძე - საქართველო არის სრულყოფილი დემოკრატია
მამუკა ბახტაძე - საქართველო არის სრულყოფილი დემოკრატია

საქართველო არის სრულყოფილი დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული ბოლო არჩევნების დროს ძალიან ბევრი დარღვევა იყო და დაინტერესდა, შეუძლია თუ არა საქართველოს პრემიერს, ყველა დაარწმუნოს, რომ მომავალში ასეთი რამ არ მოხდება.

„ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იყო ისტორიული, რადგან არჩევნების შემდეგ საქართველო გახდა საპარლამენტო რესპუბლიკა. მთავრი ხარვეზი, რასაც წავაწყდით, იყო პოლარიზებული გარემო. სამწუხაროდ, საქართველო არ არის ერთადერთი მაგალითი ჩვენს კონტინენტზე. ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები ეუთო-სგან და ოდირი-სგან. საქართველო პარლამენტი ამ რეკომენდაციების გათვალისწინებაზე მუშაობს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ეკონომისტმა“ საქართველო დაახასიათა ჰიბრიდულ რეჟიმად და არა დემოკრატიად. „მომავალ წელს თქვენ გექნებათ საპარლამენტო არჩევნები, როგორ უზრუნველყოფთ, რომ საქართველო გახდეს სრულყოფილი დემოკრატია“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დუპუტატმა.

„საქართველო არის სრულყოფილი დემოკრატია. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპარლამენტო მმართველობაზე გადავედით. თქვენ ახსენეთ ძალიან დაფასებული ჟურნალი, მაგრამ ნება მიბოძეთ, მოგაწოდებთ სხვა ინფორმაციაც, რომლშიც გაერთიანებული ჩვენი წარმატებაზე ორივე მიმართულებით – როგორც ადამიანის უფლებების დაცვით, ასევე ეკონომიკური განვითარებითა და გამჭვირვალობით. ჩემს სიტყვაში მოგახსენეთ, რომ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევაში საქართველო მეხუთე ადგილზეა, რაც მთავრობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საზომია. ეს არის ყველა მთავრი ინდიკატორი, რომ საქართველო წარმატებულია.

როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ყველაზე მთავრი ინდიკატორი იქნებოდა სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგში შეტანილი სარჩელების რაოდენობა 80%-ით შემცირდა. „დუინგ ბიზნესის“ რეიტინგში, რომელიც მსოფლიო ბანკმა ჩაატარა, საქართველო მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ არის ხარვეზები, რომლებსაც აუცილებლად გამოვასწორებთ, იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც მომზადებულია, მათ შორის, ევროსაბჭოს მიერ.

ასევე, ვახსენე ეუთო-ს და ოდირი-ს რეკომენდაციებიც, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მივიღეთ და პარლამენტი კანონმდებლობაში მათ ასახვაზე მუშაობს. საქართველო აუცილებლად იქნება წარმატებული თქვენი მხარდაჭერით და რეკომენდაციებით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.