მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, ეფექტურად წინ ვერ აღვუდექით იმ ნეგატიური დღის წესრიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რაც მივიღეთ
მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, ეფექტურად წინ ვერ აღვუდექით იმ ნეგატიური დღის წესრიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რაც მივიღეთ

სამწუხაროდ, ეფექტურად წინ ვერ აღვუდექით იმ ნეგატიური დღის წესრიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რაც მივიღეთ, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას, სადაც 20-21 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა.

ბახტაძემ აღნიშნა, რომ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებაზე, აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მას ინფორმაცია ბუნებრივად, ვერ ექნებოდა.

„ბუნებრივია, ამის შესახებ არ ვიცოდი და არც მეცოდინებოდა. რადგანაც ეს სამწუხარო განვითარება ხდებოდა ძალიან სწარაფად, ყოველწუთიერ რეჟიმში იცვლებოდა მდგომარეობა და ჩვენ ვიცით, შსს-ს განმარტება ამის შესახებ. პრინციპში, კადრებშიც ძალიან კარგად ჩანს, რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება პოლარიზაციას. მე მინდა გითხრათ, რომ რასაც მე პირადად ვგრძნობ და ამას ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი იზიარებს – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა ამის მცდელობა, სამწუხაროდ, ჩვენ წინ ვერ აღვუდექით ეფექტურად ამ ნეგატიური დღის წესრიგის თავზე მოხვევას და იმ პოლარიზაციას, რაც მივიღეთ. მიუხედავდ იმისა, რომ ამის მცდელობა იყო. ჩემს მიმართვაშიც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ძალიან ვწუხვარ, რომ რეალურად, ჩვენ გვაქვს ასეთი პოლარიზებული გარემო და ეს მიმაჩნია საფრთხედ ჩვენთვის, როგორც სახელმწიფოსთვის.

პოლარიზაციით და ნეგატიური დღის წესრიგით არსებობს მხოლოდ ერთი მხარე, რომელიც დარჩება მოგებული და ეს ნამდვილად არ შედის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში. შესაბამისად, მე დღეს პირდაპირ მოვუწოდე ყველას და დღესაც მინდა გავიმეორო, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს პოლარიზებული გარემო და შეცვალოთ ის ნეგატიური დღის წესრიგი, რომელიც ქვეყანას თავზე მოახვიეს. ეს არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ვალდებულებაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.