მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ მიხალკას შეხვდა.

მამუკა ბახტაძემ რუდოლფ მიხალკას, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ხაზი გაუსვა ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატებში. აღინიშნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ადამიანის უფლებების, ისე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარება და დადებითად შეფასდა საქართველოს ურყევი ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიმართულებით.

საუბარი შეეხო სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას, გაფართოებას და გამარტივებას, აგრეთვე, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნასა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ყურადღება დაეთმო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრას, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბერში მილანში გაიმართება. ითქვა, რომ საქართველო დიდად აფასებს საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე და კონსოლიდირებულ მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის, როგორც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩი, ანტონიო ენრიკო ბარტოლი ესწრებოდა.