მამუკა ბახტაძე - პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე
მამუკა ბახტაძე - პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე

პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ეზოში, სადაც 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„პატივი მივაგეთ იუნკერების ხსოვნას, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად საბჭოთა ოკუპაციას აღუდგნენ წინ. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში 1921 წლის თებერვალში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.