მამუკა ბახტაძე - მჯერა, რომ გამოძიება ია კერზაიას საქმეზე ყველა რელევანტურ შეკითხვას უპასუხებს
მამუკა ბახტაძე - მჯერა, რომ გამოძიება ია კერზაიას საქმეზე ყველა რელევანტურ შეკითხვას უპასუხებს

მჯერა, რომ გამოძიება ია კერზაიას საქმეზე ყველა რელევანტურ შეკითხვას უპასუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა.

ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომაზე აღნიშნა, რომ გასულ კვირას თერთმეტმა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრემიერს მოუწოდა, ია კერზაიას საქმე იყოს გამოძიებული. „შეგიძლიათ დადოთ პირობა, რომ ეს საქმე გამოძიებული იქნება?“ – მიმართა დეპუტატმა მამუკა ბახტაძეს.

„ეს იყო ადამიანური ტრაგედია და მინდა, მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახს. მაგრამ, სამწუხაროდ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია იყენებს ამ საქმეს პოლიტიკური სპეკულაციისთვის. მჯერა, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას, რომელიც ამ საქმეზე ისმის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მამუკა ბახტაძემ უპასუხა კითხვას, რომლის თანახმადაც აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მოსამართლეები ზეწოლას განიცდიან.

„2012 წელს მივიღეთ ძალიან რთული მემკვიდრეობა მართლმსაჯულების სისტემაში. დავიწყეთ რეფორმები. დღეს მოგაწოდეთ ინფორმაცია, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები და ციფრები, რომელიც ძალიან პოზიტიურია. გვესმის, რომ არის ხარვეზები, რაც უნდა გამოვასწოროთ. თუმცა, დავუბრუნდებით მთავარ არგუმენტს. დიპლომატიურად რომ თქვათ, ჩვენ რთული მემკვიდრეობა გვერგო, დავიწყეთ ტრანსფორმაციის პროცესი. ძალიან წარმატებული რეფორმების სამი ტალღა ჩავატარეთ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ეს არის ევროპული ინსტიტუტების შეფასება. ახლა ვემზადებით რეფორმების მეოთხე ტალღისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.