მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს
მამუკა ბახტაძე მიუნხენში საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული მაღალი დონის სტუმრები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელებენ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.

მამუკა ბახტაძესთან ერთად, დისკუსიაში რამდენიმე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩაერთვება.

„საუბარი იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე, რათა განისაზღვროს სამომავლო პერსპექტივები აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა.