მამუკა ბახტაძე - ევროპელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ ვესაუბრე
მამუკა ბახტაძე - ევროპელ მეგობრებს ჩვენი ქვეყნის წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ ვესაუბრე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე ევროპელ მეგობრებს, საერთაშორისო თანამეგობრობას იმ წარმატებებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოშია.

„ვისაუბრე იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განვახორციელეთ და დაგვეხმარა, რომ საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია მოგვეხდინა, ინსტიტუტები გაგვეძლიერებინა. ამასთან, ვისაუბრე იმ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ.

ვისაუბრე ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე, რუსულ ოკუპაციაზე. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას. გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რეალურად, ორივე რეგიონში ჰუმანიტარული კატასტროფა გვაქვს და მქონდა შესაძლებლობა, ეს ტრიბუნა გამომეყენებინა, რათა ჩვენი მეგობრებისთვის მიგვეწოდებინა რეალური და ზუსტი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე ვითარების შესახებ, ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ. ამავდროულად, იმ სამშვიდობო ინიციატივების შესახებ, რომლებსაც ვახორციელებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს სიტყვით გამოვიდა.