მამუკა ბახტაძე - აშშ-ში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში
მამუკა ბახტაძე - აშშ-ში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, – ასე შეაფასა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.

მამუკა ბახტაძის თქმით, ვიზიტისას მოხდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლის შეჯამება და ამასთან, დაისახა სამომავლო გეგმები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევაფასოთ განვლილი 10 წელი, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი ჩამოყალიბდა აშშ-სთან. ეს პერიოდი იყო წარმატებული საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფო მმართველობის სისტემის გაძლიერებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ბიზნესის მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოგვიტანა, გვაქვს კონკრეტული შედეგები და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია უსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატება.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს დასავლელ კოლეგებთან გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი – შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. დღეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ შავი ზღვის რეგიონი არის პრიორიტეტული მიმართულება და ბუნებრივია, საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი.

როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები ახლა არის ყველაზე მაღალ დონეზე, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გამყარებულია ფაქტებით. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მიმდინარე წლის გაზაფხული, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით საერთაშორისო სამხედრო სწავლებას. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც ტარდებოდა ნატოს სწავლება და ნატოს ჯერ კიდევ არაწევრმა ქვეყანამ, საქართველომ, მოახდინა ყველაფრის ორგანიზება და სრული მენეჯმენტი და ჩვენი  ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ ამ სწავლებას.

სწორედ ეს უსვამს ხაზს ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულობას და იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. ჩვენი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ ამ სამხედრო თანამშრომლობას უნდა დაემატოს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით გვაქვს წარმატებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.