მამუკა ბახტაძე - სტრასბურგში მიმართვის მაჩვენებელი 11-ჯერ შემცირდა, რაც არის პასუხი პოპულისტი პოლიტიკოსების კითხვაზე, რა რეფორმები გატარდა სასამართლოში
მამუკა ბახტაძე - სტრასბურგში მიმართვის მაჩვენებელი 11-ჯერ შემცირდა, რაც არის პასუხი პოპულისტი პოლიტიკოსების კითხვაზე, რა რეფორმები გატარდა სასამართლოში

სტრასბურგში მიმართვის მაჩვენებელი 11-ჯერ შემცირდა, რაც არის პასუხი პოპულისტი პოლიტიკოსების კითხვაზე, რა რეფორმები გატარდა სასამართლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა.

„არაერთხელ განვაცხადე, რომ სასამართლოს რეფორმა არის ძალიან სენსიტიური რეფორმა. აქ ყველას ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, დავაფიქსირე აღმასრულებელი ხელისუფლების ძალიან მკაფიო პოზიცია. ამ საკითხთან დაკავშირებულ ბევრ კითხვაში დამინახავს ქვეტექსტი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება თავის დროზე რადგანაც იყო ჩართული, მათ შორის, მოსამართლეების დანიშვნაში, ეს ასე უნდა გაგრძელდეს. ბუნებრივია, ეს არის სიმახინჯე.

აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობა მოსამართლეების დანიშვნაში, სახელებისა და გვარების განხილვაში და ასე შემდეგ, სრულიად მიუღებელია და არ შეეფერება დემოკრატიის იმ სტანდარტს, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა საკუთარი მოქალაქეობრივი შეფასების შესახებ იმის შესახებ, თუ რა გზა გამოიარა სასამართლომ.

„ხშირად მეუბნებიან, რატომ ვცდილობ ბევრ სხვა პასუხში გამოვიყენო სტატისტიკა, ტექნიკური განათლება ციფრების სიყვარულისკენ უბიძგებს ადამიანს, მაგრამ ამას ვერ ავცდებით და კარგად უნდა გავიაზროთ.

2012 წლიდან დღემდე სტრასბურგში მიმართვის მაჩვენებელი არის 11-ჯერ შემცირებული. ხაზი მინდა გავუსვა, ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, რომელსაც სამწუხაროდ, პოპულისტი პოლიტიკოსები სვამენ, რა გაკეთდა იმ რეფორმების ტალღის შედეგად სასამართლოში და იგივე კატასტროფაა, რაც 2012 წლამდე ხდებოდა. ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ, რა რეფორმებიც განვახორციელეთ, იყო წარმატებული და სტატისტიკა, რომელიც მოვიყვანე, 11-ჯერ არის შემცირებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით და მოვხსენით ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც 2012 წლამდე იყო სასამართლოში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ ამ გზით სიარული“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, რომ იგივე წარსულში ვართ, ეს არის ძალიან იაფფასიანი ტყუილი.

„ჩვენ სასამართლოში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ასახულია საერთაშორისო რეიტინგებში. სწორედ ობიექტური კრიტერიუმების დაცვით, მაგრამ ამავე დროს, გვსურს მეტი, ვინაიდან საზოგადოების დაკვეთა და ზოგადად საზოგადოებრივი კონსენსუსი გახლავთ ის, რომ ჩვენ დემოკრატიული რეფორმების გატარება გვჭირდება იმ სტანდარტის მისაღწევად, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ სულისკვეთებას ვუჭერ მხარს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, არსებობს კონსენსუსი და ყველა სპეციალისტი და ექსპერტი ამაზე თანხმდება.

„მე არ ვარ ამ სფეროს ექსპერტი, მაგრამ ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია, რაზეც საუბრობენ, რომ ობიექტური კრიტერიუმებისა და პროცედურების დადგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა თითოეული ადამიანი დარწმუნდეს, რომ გვაქვს მაღალი პროფესიონალი სტანდარტის მქონე პროცედურასთან საქმე. რაც შეეხება სახელსა და გვარებს, როგორც მოქალაქეს, რა თქმა უნდა, შეიძლება მქონდეს ჩემი პირადი დამოკიდებულება ნებისმიერი ადამიანის მიმართ, მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს ჩაერევა კონკრეტული მოსამართლეების, მათი სახელისა და გვარების მიხედვით დანიშვნაში ან არდანიშვნაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.