მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ზუგდიდის ყოფილი მერისა და მისი მოადგილის დაკავებას არჩევნებთან კავშირი არ აქვს. პრემიერმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება არჩევნებამდე დაიწყო.

„არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია და სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ სამართლებრივი შეფასება მივცე ამ მოვლენას. გამოძიება დაწყებულია გაცილებით ადრე და შესაბამისმა ორგანოებმა ამის შესახებ განცხადება არჩევნებამდე გაცილებით ადრე გააკეთეს. შესაბამისად, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას არჩევნების პირველ ტურთან? არავითარი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ხელისუფლება უნდა ხელმძღვანელობდეს.

თუ ადამიანის წინააღმდეგ არსებობს სამხილები, გამოძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს და შედეგიც რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს. მაგრამ ამის დაკავშირება არჩევნებთან, ეს არის სრულიად საფუძველს მოკლებული. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა იყოს ქართულ საზოგადოებაში იმის მიუხედავად, არის თუ არა არჩევნები. თუ დაემთხვევა გამოძიების დაწყება რაღაც თარიღს, ეს არის სუფთა პროცედურული საკითხი, მთავარია, ასეთ შემთხვევებზე საქართველოში იყოს უმკაცრესი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების შედეგად ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა გუშინ დააკავეს.