მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა არჩევნებს არ უკავშირდება
მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა არჩევნებს არ უკავშირდება

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვებისთვის დახმარების ხუთჯერ გაზრდას წინასაარჩევნო პროცესს არ უკავშირებს. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა 50-ლარიანი დახმარების დაწესება წინასაარჩევნო პიარი, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ამ თემაზე მთავრობა დიდი ხანია საუბრობდა.

„ოჯახი, სადაც არის ორი ან მეტი ბავშვი, მიიღებს 100-150 ლარს. ეს არ არის დახმარება ოჯახზე, ეს არის დახმარება ბავშვზე. ამ თემაზე ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. ვიცით, რომ ეს საკითხი გვქონდა დასახვეწი. ბიუჯეტის განხილვაც ახლა მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ამას არანაირი კავშირი არა აქვს საარჩევნო გარემოსთან და პროცესთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.